გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის აეროპორტში კვირას, 7 ივლისს ცალკეული რეისების განხორციელება შესაძლოა შეფერხდეს. ამის მიზეზი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის გაუვნებელყოფის მიზნით დაგეგმილი სამუშაოებია.
ბომბი აეროპორტიდან 14 კილომეტრში მდებარეობს. იგი სამშენებლო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს. მსგავსი შემთხვევები გერმანიაში საკმაოდ ხშირია. ფრანკფურტის აეროპორტი მგზავრებს ურჩევს, წინასწარ შეამოწმონ თავიანთი ავიარეისების სტატუსი აეროპორტის ვებგვერდზე ან ავიაკომპანიებთან.
ამასთან, როგორც აეროპორტის ადმინისტრაცია იტყობინება, ბომბის გაუვნებელყოფის სამუშაოების ჩატარება ამინდზეც იქნება დამოკიდებული. სამუშაოები ადგილობრივი დროით დაახლოებით დღის 12 საათზე დაიწყება. აღნიშნულის გამო 1 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები 16 000-ზე მეტი მცხოვრების ევაკუაციაც იგეგმება.