Deutsche Bank-ი მასშტაბურ რეორგანიზაციას იწყებს. ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდება 18 000 თანამშრომლის შემცირება.
Deutsche Bank-ი გეგმავს მნიშვნელოვნად შეამციროს საინვესტიციო განყოფილება. ამასთან, ცნობილია, რომ აქციებით ვაჭრობას შეწყვეტს საკრედიტო განყოფილება, მაგრამ გააგრძელებს საქმიანობას სააქციო კაპიტალის ბაზარზე. გარდა ამისა, ბანკი შეამცირებს ფიქსირებული შემოსავლით ოპერაციების მოცულობას.
ამ გადაწყვეტილებას ბანკი მასშტაბური რეორგანიზაციით ხსნის, რომელიც 2022 წლამდე უნდა განხორციელდეს. რეორგანიზაცია Deutsche Bank-ს 7,4 მილიარდი ევრო დაუჯდება. მედიაში აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბანკი აპირებდა 15-20 ათასი თანამშრომლის დათხოვნას. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მარტში ბანკში 91 463 ადამიანი მუშაობდა.
Deutsche Bank-ი არის გერმანიის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტრანსნაციონალური ბანკი მსოფლიოში. მას საკუთარი წარმომადგენლობა აქვს მსოფლიოს 70 ქვეყანაში.