Georgian Airways-მა ერევნის მიმართულებით რეგულარულ ფრენები დაამატა

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ბათუმი-ერევანი-ბათუმის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს, ხოლო თბილისიდან ერევნის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის.

ფრენები ბათუმი-ერევანი-ბათუმის საჰაერო ხაზზე 2019 წლის 10 ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, ყოველდღიურად, კვირაში 7 სიხშირით შესრულდება.

ამასთან, ქართულმა ავიაკომპანიამ გაზარდა ფრენის სიხშირე თბილისი-ერევნის მიმართულებით. დღეიდან, Georgian Airways-ი აღნიშნულ საჰაერო ხაზზე 7 სიხშირეს (ყოველდღე) ამატებს და ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე რეგულარულ ფრენებს კვირაში 14 სიხშირით შეასრულებს.

შესაბამისად, ავიაკომპანია მგზავრებს თბილისიდან ერევნის მიმართულებით დღეში ორ რეისს შესთავაზებს. Georgian Airways-ი ასევე შეასრულებს დამატებით რეისებს თბილისიდან ერევნის მიმართულებით 8 ივლისიდან 30 აგვისტომდე, კვირაში 1 სიხშირით.

ფრენები Boeing B737, Embraer ERJ190 და CRJ200 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 5 ივლისს მიენიჭა.

თაია არდოტელი