„ახალციხე - ბათუმის“ 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მოქალაქის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) უფლება მიენიჭა.
„ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შედეგად, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ახალი ჰესების („შუახევის“ და „კორომხეთის“ ჰესები) მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება ან/და ექსპორტი მოხდება. გარდა ამისა, რეგიონში ახალი 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა მნიშვნელოვნად გაზრდის მთლიანად აჭარის ენერგომომარაგების სტაბილურობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აამაღლებს ავტონომიური რესპუბლიკის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას,“-აღნიშნულია ბრძანებაში.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, პროექტის ფარგლებში მოექცა შალვა ჯეირანაშვილის საკუთრებაში არსებული, ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფერსაში მდებარე 206 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
ამასთან, ბრძანების თანახმად, მოქალაქეს წერილობით შესთავაზეს მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზეც უარი განაცხადა. შესაბამისად, მისი ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარება.