რუსეთში ქართული ავიაკომპანიების ფრენებზე აკრძალვა იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე სრულად არ დაიფარება აერონავიგაციის მომსახურებისთვის არსებული დავალიანება.
ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვოლკოვმა „რასია 24“-ის ეთერში განაცხადა.
„ფრენების შეწყვეტა იმ მომენტამდე გაგრძელდება, ვიდრე რუსეთის მხარისთვის არ იქნება წარმოდგენილი კომპანიების - Georgian Airways-ის და MyWay Airlines-ის საავიაციო უსაფრთხოების პროგრამა, მათი აუდიტი. ასევე იმ მომენტამდე, ვიდრე ბოლომდე არ დაიფარება ქართული მხარის მიერ აერონავიგაციის მომსახურების არსებული დავალიანება“ , - განაცხადა ვოლკოვმა.
დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვით, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები ეკრძალებათ.