საპენსიო სქემაში გაწევრიანებულია 831 000 ადამიანი და აქედან დაახლოებით 13%-მა სქემა დატოვა, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ საპენსიო სააგენტოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან საზოგადოებას საინვესტიციო საბჭოს სრული შემადგენლობა წარუდგინა.
შედეგად, გამოდის, რომ საპენსიო სისტემიდან 108 000 ადამიანზე მეტი გავიდა.
„პირველი იანვრიდან, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულია 831 000 ადამიანი და აქედან დაახლოებით 13%- მა დატოვა საპენსიო სქემა. საჯარო სექტორიდან გაცილებით ნაკლებია, კერძო სექტორიდან გაცილებით მეტია და ეს ბუნებრივია", - განაცხადა სურგულაძემ.
კითხვაზე, რამდენად საფუძვლიანია ის უნდობლობა, რომელიც მოსახლეობას აქვს საპენსიო სქემის მიმართ, სურგულაძემ განაცხადა, რომ "სრულიად უსაფუძვლოა".
„ეს არის განპირობებული მათი არასწორი ინფორმირებულობით და ჩვენ და თქვენც, უნდა გავაძლიეროთ მოსახლეობის ინფორმირება, სწორი და გადამოწმებული ინფორმაციით და ჩვენ გვეყოლება მეტი მონაწილე, რომელიც დაზოგავს საპენსიო ასაკისთვის თანხას. ეს იქნება კარგი ჩვენი ეკონომიკისთვის და ასევე საპენსიო ასაკის ხალხისთვის", - განაცხადა სურგულაძემ.