ღვინის იმპორტის აკრძალვა და ფულადი გზავნილების შეჩერება - დუმა ახალი სანქციებით იმუქრება

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო მთავრობას სთავაზობს, აიკრძალოს საქართველოდან ღვინისა და „ბორჯომის“ იმპორტი - ამის შესახებ რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერი სერგეი ნევეროვი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. აღნიშნული საკითხის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში სწორედ დღეს იგეგმება.

ამას გარდა, დუმა ასევე აპირებს შესთავაზოს ხელისუფლებას აიკრძალოს რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვები.

„არამეგობრული ქმედებები საქართველოს მხრიდან ჩვენი ქვეყნის მისამართით გრძელდება. არის შემთხვევები, ჩვენს მოქალაქეებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის. ასეთი ქმედებები ადექვატურ რეაქციას მოითხოვს“, - აღნიშნა ნევეროვმა.

ცნობისათვის, 2019 წლის 6 თვეში საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე გავიდა 25 582 447 ბოთლი ღვინო, რაც მთლიანი ექსპორტის 60%-ზე მეტია.

რაც შეეხება ფულად გზავნილებს, რუსეთიდან საქართველოში ყოველთვიურად საშუალოდ 30-35 მლნ დოლარი ირიცხება. 2019 წლის 5 თვეში რუსეთიდან საქართველოში 163,7 მლნ დოლარის გადმოირიცხა, რაც მთალიან გზავნილების თითქმის 25%-ს შეადგენს.

ელზა წიკლაური