საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ოლივერ რუსო უხელმძღვანელებს

საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად ავირჩიეთ ოლივერ რუსო, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულია ჟან -ფრედერიკ პოლსენი, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ საპენსიო სააგენტოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან საინვესტიციო საბჭოს სრული შემადგენლობა წარადგინა.

ლევან სურგულაძის განცხადებითვე, საინვესტიციო საბჭოს სხდომაზე სხვა საკითხებიც იყო განხილული, მათ შორის შეხვედრაზე საუბარი შეეხო კაპიტალის ბაზრის მდგომარეობას საქართველოში.

"მოკლედ მიმოვიხილეთ სიტუაცია, ასევე ვისაუბრეთ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მონახაზზეც და იმ გეგმებზე, რა გეგმითაც იმუშავებს საინვესტიციო საბჭო", - აღნიშნა სურგულაძემ.

მისივე თქმით, კანონის თანახმად, საპენსიო დანაზოგები პირველი 5 წლის განმავლობაში შექმნის მხოლოდ დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელს, სადაც "იქნება გაწერილი რამდენი თანხა სად ჩაიდება და როგორ".

ცნობისთვის, საინვესტიციო საბჭო, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, 5 წევრისგან შედგება, მათ შორის, 4 უცხოელია, ერთი კი ქართველი. საინვესტიციო საბჭოს წევრები არიან ოლივერ რუსო - საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ტიმო ვიჰერკენტა - 2015 წლიდან არის ფინეთის სახელმწიფო საპენსიო ფონდის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ რიდლის - აქვს 37 წლიანი გამოცდილება საინვესტიციო საბანკო საქმეში ლონდონში და ამერიკის შეერთებულ შტატებში და წლების მანძილზე იყო J.P. Morgan-ის ვიცე-თავმჯდომარე.

დავით წიკლაური, რომელსაც აქვს საფინანსო სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ასევე დიდ ბრიტანეთში, მუშაობდა საქართველოსა და „თიბისი ბანკებში“, ასევე Deutsche Bank -ის ლონდონის ოფისში და ჟან-ფრედერიკ პოლსენი, რომელიც ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ფინანსებისა და ბუღალტერიის კურსის ლექტორია და 2017 წლიდან 2019 წლის 18 მაისამდე იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უფროსი მრჩეველი სხვადასხვა მიმართულებით. საბჭოს წევრები საქართველოში სრულ სამ დღეს დაჰყოფენ და 11 ივლისს დატოვებენ თბილისს.