9 ივლისს, 10:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO/DANIDA პროექტი) ეგიდით საერთაშორისო კონფერენცია - „გამოწვევები, შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთვის,” გაიმართება.
დამსაქმებელთა ასოციაციის ინფორმაციით, კონფერენციის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) დახმარებით შეიმუშავა და გამოხატავს დამსაქმებელთა ასოციაციის ხედვებსა და რეკომენდაციებს შრომის უსაფრთხოების სფეროსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში.
"შრომის უსაფრთხოების შესახებ პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყო ბიზნეს სექტორი, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. კონფერენცია მეტად მნიშვნელოვანია, რადგან იგი აერთიანებს სოციალურ დიალოგში ჩართულ მთავარ პარტნიორებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა განიხილონ შრომისა და ჯანმრთელობის სფეროში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები, სამომავლო პერსპექტივები, რეკომენდაციები და ა.შ. კონფერენციას გახსნიან ელგუჯა მელაძე - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, კარლო ნატალე - ევროკავშირის ელჩის მოადგილე, თამარ ბარკალაია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, აკაკი ზოიძე - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რაისა ლიპარტელიანი - პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე - ბიზნესომბუდსმენი, ოლგა კულაევა - აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორი.
კონფერენციას დაესწრებიან წარმომადგენლები სამინისტროებიდან და სხვა სამთავრობო უწყებებიდან, ბიზნეს სექტორი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ასევე, მოწვეულნი არიან საერთაშორისო ექსპერტები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან (ILO), დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციიდან (IOE), ბიზნეს ევროპიდან (BUSINESS EUROPE) და ა.შ.
მისამართი: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“, ვარდების რევოლუციის მოედანი #1",- ნათქვამია დამსაქმებელთა ასიციაციის განცხადებაში.