ჩვენ დღეს ვიმსჯელეთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რის გადადგმასაც აპირებს ხელისუფლება იმისთვის, რომ შეუმსუბუქოს ტურიზმის ბიზნესს ის შესაძლო ზიანი, რაც დაუდგება რუსეთის გადაწყვეტილების გამო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, შეისწავლეს რა გასაჭირი აქვთ საოჯახო სასტუმროებს.
„ეს არის ყველაზე მოწყვლადი სეგმენტი. ამიტომ, გადავწყვიტეთ მივიღოთ მონაწილეობა საბანკო სესხების პროცენტის თანადაფინანსებაში, რადგან მთავარი, რაც ამ შეხვედრების დროს მესმოდა, არის ის, რომ საბანკო სესხები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური ტვირთი. მეორე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საკრედიტო-საგარანტიო სქემა მთლიანად გადაერთვება ტურიზმის ინდუსტრიაზე და სასტუმრო ბიზნესზე, რათა ახალი პროექტები არ გაჩერდეს. გარდა ამისა, აგრესიული მარკეტინგული სტრატეგია გვექნება იმისთვის, რომ ქვეყნის უსაფრთხო იმიჯი კვლავ განმტკიცდეს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტრადიციული ბაზრები იყოს შენარჩუნებული. ეს პროექტი უახლოეს დღეებში დაიწყება. კრიტერიუმები უახლოეს დღეებში გამოცხადდება",- განაცხადა თურნავამ.