საინვესტიციო ჯგუფის BGEO Group PLC -ს გაყოფის შედეგად, მიღებული ერთ-ერთი კომპანია „საქართველოს კაპიტალი“ ავტობიზნესსა და განათლების სექტორშიც შედის.
კერძოდ, საუბარია „საქართველოს კაპიტალისა“ და ერთის მხრივ შპს „მოტორსტარის“ (ამბოლი) და მეორეს მხრივ, „საქართველოს კაპიტალისა“ და „ბრიტანულ-ქართულ აკადემიისა“ და „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ კონცენტრაციაზე.
აღნიშნულ კომპანიათა გაერთიანების საკითხი, კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა და დაადგინა, რომ ამ ტიპის კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადი და მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით დასაშვებია.
ამასთან, კონკურენციის სააგენტოს ცნობით, „მოტორსტარსთან“ კონცენტრაციის შესახებ განცხადება უწყებაში 14 მაისს, ხოლო „ბრიტანულ-ქართულ აკადემიასა“ და „თბილისის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლასთან“ კონცენტრაციის თაობაზე - 4 ივნისს შევიდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საინვესტიციო ჯგუფი BGEO Group PLC-ი გაიყო და ფუნქციონირება ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით განაგრძო. ერთი კომპანია საბანკო (საქართველოს ბანკის ჯგუფი - Bank of Georgia Group), ხოლო მეორე - საინვესტიციო ბიზნესის (საქართველოს კაპიტალი - Georgia Capital) მიმართულებით იმუშავებს.