რუსეთის მთავრობა ღვინოზე აქციზის ფასს ზრდის

2020 წლისთვის რუსეთში ღვინოზე აქციზის ფასი გაიზრდება. შესაბამისი კანონპროექტი ქვეყნის ხელისუფლებამ მოამზადა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა „ვედომოსტი“ ავრცელებს. მოსალოდნელია, რომ 1 ლიტრ ღვინოზე აქციზის ფასი 18-დან 31 რუბლამდე მოიმატებს, შუშხუნა ღვინოზე კი 36-დან 40 რუბლამდე. ღვინის კომპანიების განმარტებით, ეს, დიდი ალბათობით, საცალო ფასის მატებას გამოიწვევს.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანმა ოლეგ ოსიპოვმა დაადასტურა, რომ ხელისუფლებამ დოკუმენტი დაამტკიცა და უახლოეს მომავალში მას სახელმწიფო დუმას წარუდგენს.

გამოცემის ინფორმაციით, შეტანილი შესწორებები რუსულ და იმპორტირებულ ღვინოებს ათანაბრებს და რუსულ კანონმდებლობასა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ნორმებს შორის არსებულ შეუსაბამობებს ასწორებს. გარდა ამისა, ამავე შესწორებების მიხედვით, ყურძენი, რომელიც ღვინის წარმოებაში გამოიყენება, აქციზს დაქვემდებარებულ პროდუქციათა რიცხვში შევა.

ადგილობრივი მაღალჩინოსნის განმარტებით, ეს ღვინის ადგილობრივ მწარმოებლებს დაეხმარება, რადგან ის მეწარმეები, რომლებიც ღვინოს რუსული ყურძნისგან დააყენებენ, შეღავათებს მიიღებენ, იმპორტიოერები კი აქციზს სრული განაკვეთით გადაიხდიან.

მოამზადა სალომე აბულაშვილმა