რუსეთი შეეცდება, რაც შეიძლება დააზარალოს საქართველო, დესტაბილიზება მოახდინოს და წნეხი გაზარდოს, მაგრამ ჩვენ ერთხელ გადავრჩით და ახლაც გადავრჩებით, - ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ფადი ასლიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო უნდა შეეცადოს, რუსეთის ბაზარი ღია დარჩეს, მაგრამ ბიზნესმა უნდა გაიგოს, რომ ამ ბაზრის ნდობა არ შეიძლება.
“მსგავს ვითარებაში ჩვენ 2005 წელსაც ვიყავით. მაშინ უფრო მეტად ვიყავით რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული, ვიდრე - ახლა. დიახ - ეს მოახდენს გავლენას ეკონომიკაზე, მაგრამ არა იმდენად, რომ ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენოს. რამდენიმე წელი დაგვჭირდება იმისათვის, რომ მთლიანად გაჯანსაღება მოხდეს. ვფიქრობ, რომ უნდა შევეცადოთ, რუსეთის ბაზარი ღია დარჩეს, მაგრამ ბიზნესმა უნდა გაიგოს, რომ ამ ბაზრის ნდობა არ შეიძლება. ეს ბაზარი არის ძალიან არასტაბილური. მათ უნდა მოახდინონ დივერსიფიცირება სხვა ქვეყნებში. დიახ, შეიძლება, სხვა სანქციებიც დაწესდეს. არ მგონია, ამან ტურიზმზე დიდი გავლენა მოახდინოს, მაგრამ ზოგიერთი ბიზნესი ზოგ ადგილას ძალიან დაზარალდება, რადგან მთლიანად რუს ტურისტებზე იყვნენ დამოკიდებული. რაც შეეხება ღვინოს, კომპანიების უმეტესობა დივერსიფიცირებულია, მთლიანად რუსულ ბაზარზე არ არიან დამოკიდებული და მინერალური წყლისთვის ახალ ბაზარს იპოვნიან. რუსეთი შეეცდება, რაც შეიძლება დააზარალოს საქართველო, დესტაბილიზება მოახდინოს და წნეხი გაზარდოს, მაგრამ ჩვენ ერთხელ გადავრჩით და ახლაც გადავრჩებით“, - განაცხადა ფადი ასლიმ.