ჩვენი მთავარი სურვილი არის ის, რომ გაიხსნას პოლიტიკური ცხოვრება და შეუერთდნენ სხვადასხვა სუბიექტები, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძის დაანონსებული ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთავარია ის, რომ სუბიექტებმა, რომლებიც პარტიულ ცხოვრებაში შემოვლენ, კონსტრუქციული როლი შეასრულონ ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით.
"ვინ ჩაერთოს საპარლამენტო ცხოვრებაში, ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემის მთავარი სარგებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი სურვილი არის ის, რომ გაიხსნას პოლიტიკური ცხოვრება და შეუერთდნენ სხვადასხვა სუბიექტები. მთავარია, რომ ის სუბიექტები, რომლებიც შემოვლენ პარტიულ ცხოვრებაში, კონსტრუქციული როლი შეასრულონ ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით. რაც შეეხება წყალგამყოფს, ეს დღეები იყო ნამდვილად წყალგამყოფი. ზუსტად გამოიკვეთა ამ დღეებში, ვინ ემსახურება მტრის ინტერესებს და ვინ ემსახურება სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენი პოზიცია მე ვფიქრობ, ამ თემასთან დაკავშირებით უნდა იყოს ძალიან მკაფიო იმისთვის, რომ მტერს არ მიეცეს მტრობის საშუალება“, - განაცხადა კობახიძემ.
შესაძლებელია თუ არა ხაზარაძესთან ერთად გიორგი კვირიკაშვილიც იხილოს საზოგადოებამ და რა შანსი აქვს ხაზარაძეს პოლიტიკაში, კობახიძე ამბობს, რომ კონკრეტულ სუბიექტებზე ვერ ისაუბრებს.
„ბუნებრივია, სხვა სუბიექტებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვისაც უნდა სახელმწიფოსთვის სარგებლის მოტანა, ყველას ვუსურვებ წარმატებებს. ვის უნდა და ვის არ უნდა, ბუნებრივია, ამაზე ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ. ჩვენ ვიცით, ჩვენ რა გვინდა. ჩვენ გვინდა ამ სახელწიფოსთვის სარგებლის მოტანა და ამ დღის წესრიგით ვიმუშავებთ", - განაცხადა კობახიძემ.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, - ამის შესახებ ხაზარაძე საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.