თუ მამუკა ხაზარაძე გადაწყვეტს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა შექმნას, ნიშნავს, რომ მას აქვს სურვილი რაღაც პოზიტიური წვლილი შეიტანოს ამ ქვეყნის განვითარებაში,- ასე გამოეხმაურა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე "თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივ მოძრაობის დაფუძნების თაობაზე.
მისი თქმით, თუ მამუკა ხაზარაძის განზრახვა ქვეყნის განვითარებაა, მისი გადაწყვეტილებაც მისასალმებელია.
"ბატონი მამუკა ხაზარაძე პერსონალურად არის ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ბუნებრივია, ნებისმიერი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არის თავისუფალი საკუთარ არჩევანში. ამ შემთხვევაში, თუ ის გადაწყვეტს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა შექმნას, ნიშნავს, რომ მას აქვს სურვილი რაღაც პოზიტიური, დადებითი წვლილი შეიტანოს ამ ქვეყნის განვითარებაში. ბუნებრივია, ნიშნავს თუ არა ეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და რას აპირებს, ამაზე მე ნამდვილად ვერ გიპასუხებთ, ეს ალბათ, თავად მას უნდა ჰკითხოთ, თუმცა თუ მისი განზრახვა არის, რომ ეს ქვეყანა წინ წავიდეს, განვითარდეს და ასეთი საზოგადოებრივი მოძრაობით ხედავს, რომ ეს ქვეყანა განავითაროს, ბუნებრივია, ჩვენ აბსოლუტურად მივესალმებით მის გადაწყვეტილებას,"- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. ამის თაობაზე ხაზარაძემ “ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.