საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, თუმცა ბოლოს და ბოლოს საქართველომ და ქართულმა ბიზნესმა უნდა შეიგნოს, რომ რუსეთზე დამოკიდებულება არის დამღუპველი. ამის შესახებ ეკონომისტმა ვახტანგ ჭარაიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში - „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, ობიექტური რეალობა ჩვენი ქვეყნისთვის მძიმეა, რადგან საქართველოდან რუსეთში ძირითადად დასაქმებაზე ორიენტიურებული საექსპორტო პროდუქცია გადის. თუმცა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ ქვეყანაზე იმედების დამყარება არ შეიძლება.
„საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, თუმცა მოდით ამას ნეგატიურთან ერთად, ცოტა პოზიტიური კუთხითაც შევხედოთ. კერძოდ, ის, რომ ბოლოს და ბოლოს საქართველომ და ქართულმა ბიზნესმა უნდა შეიგნოს, რომ რუსეთზე დამოკიდებულება არის დამღუპველი. გრძელვადიან პერიოდში რუსეთზე იმედების დამყარება საერთოდ არ არის მიზანშეწონილი და უფრო მეტ ზიანს მოიტანს ერთი, ორი ან თუნდაც, 5 წლის პერსპექტივაში. ამიტომ, არაერთხელ გამეორებულმა ფაქტმა, ჩვენს ბიზნესს, მოსახლეობას და მთავრობას იქნებ შეაგნებინოს, რომ რუსეთზე დამოკიდებულება საქართველოსთვის არის დამღუპველი, დღეს თუ არა ხვალ მაინც.
მეორეს მხრივ, თუ ობიექტურად შევხედავთ იმ რეალობას, რაც ქვეყანაში გვაქვს, ძალიან სამწუხაროა. რუსეთზე დამოკიდებულება, მიუხედავად იმისა, რომ პირობითად, ექსპორტში მილიონ დოლარებში გამოხატული არ არის (ჩვენს ექსპორტში სულ 13%-ია რუსეთის წილი) და არც ისეთი გრანდიოზული ციფრია, რომ ქართული ეკონომიკის ჩამოშლა გამოიწვიოს, მაგრამ თუ შევხედავთ სტრუქტურას, თუ არ გაგვაქვს ამ 13%-ში, დავინახავთ, რომ მთელი ჩვენი დასაქმებაზე ორიენტირებული საექსპორტო პროდუქცია სწორედ რუსეთში მიდის, მაგალითად, ღვინის 65%. და, ეს ღვინო მარტო ქარხნებში მუშაობა ხომ არ არის, ამის მიღმა არის მთელი ჩვენი სოფლის მეურნეობის ნაწილი. ეს უკვე ათეულობით ათასი ადამიანის შემოსავალია. შესაბამისად, თუ ისინი თავის დროზე ვერ ჩააბარებენ პროდუქტს და არც ღვინის კომპანიებს დასჭირდებათ, ისევ ეს ადამიანები დაზარლებიან“,- განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
ამასთან, ეკონომისტმა იმ ნეგატიურ შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც რუსული სანქციების შედეგად საქართველოს ტურიზმისა და ფულადი გადმორიცხვების ნაწილში ექნება.
„თუ ავიღებთ ტურიზმს, საიდანაც ჩვენ ვიღებთ შემოსავალს, გვაქვს სისტემატიური ზრდა ყოველწლიურად და მსოფლიო რეიტინგებში წარმატებულად ვპოზიციონირებთ, აქ რუსი ტრისტებიც შედიან. მართალია, მათი რაოდენობა წილობრვად დიდი არ არის, მაგრამ ხარჯვის ნაწილში, მთლიანი ტურისტულ დანახარჯებში, 25%-ს ტოვებენ. ეს დაახლოებით, 2 მილიარდი დოლარია, რომელიც ყოველწლიურად მზარდი დინამიკით ხასიათდება. მართალია, ეს 2 მლრდ დოლარი მთლიანად საქართველოში არ რჩება, რადგან მოგეხსნებათ, ტურიზმის ზრდასთან ერთად, იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობაც იზრდება, მაგრამ ამ 2 მლრდ-დან მესამედი ან მეოთხედი რომ საქართველოში რჩება, ესეც ძალიან დიდი თანხაა.
რაც შეეხება ფულად გზავნილებს, დაახლოებით, 300-400 მლნ დოლარზეა ყოველწლიურად საუბარი და ეს ფული ტურიზმისგან მიღებული შემოსავლისგან განსხვავებით, არის სუფთა მოგება. იმიტომ, რომ ეს ის თანხაა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები იღებენ და მათი შეხედულემისამებრ ხარჯავენ.
ასეთ ვითარებაში მთავრობა მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს შეიძლება იყენებდეს, მაგრამ ამ ეტაპზე, ეს ვერ დააბალანსებს იმ დარტყმას, რომელიც მოდის რუსეთიდან. პირობითად, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს 10 000 დოლარი სესხი და მისი პროცენტი იყოს 1000 დოლარი. 1000 დოლარში მთავრობა შეეხიდება, 500 დოლარს გადაუხდის, მაგრამ ის 10 000 ხომ მაინც ამ ადამიანის დასაბრუნებელია?! და თუ მან შემოსავალი დაკარგა, საიდან გადაიხდის ამ თანხას?! შესაბამისად, მთავრობამ რომ ბიზნესის მაგივრად გადაიხადოს, ესეც შეუძლებელია, ამიტომ პრობლემა ნამდვილად არის“,-განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.