„ამიტომაა მნიშვნელოვანი მჭიდრო ინტეგრაცია ევროკავშირთან, რომლის ბაზარი პოლიტიკურ რყევებზე დამოკიდებული არ არის"

ყველას ინტერესშია, რომ საქართველოსა და რუსეთის ისედაც დაძაბულ და რთულ ურთიერთობებში, ზედმეტი გართულებები თავიდან ავიცილოთ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ ეკონომიკური სანქციების შემოღების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია ალტერნატიული ბაზრები და საქართველოს მჭიდრო ინტეგრაცია ევროკავშირში, რომლის ბაზარიც არის უფრო მაღალმსყიდველუნარიანი, უფრო საიმედო და რომელიც პოლიტიკურ რყევებზე დამოკიდებული არ არის.

“ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილებებია მიღებული. ამაზე მსჯელობა დაწყებულია. აღნიშნული გადაწყვეტილებები და რუსი პოლიტიკოსების განცხადებები, რაც ყურს შეიძლება გვჭრიდეს, ჩვენს არსებით პოზიციებს ვერ შეცვლის - ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და ვიცით, საით მივდივართ. საქართველოს პოლიტიკა არის მშვიდობიანი, მაგრამ იმ ფარგლებში და მოცემულობაში, რასაც ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება ჰქვია“, - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ხულორდავამ.

რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პლენარულ სხდომაზე მიიღო განცხადება, რომელშიც რეკომენდაცია მისცა მთავრობას, განიხილოს საქართველოს წინააღმდეგ სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღების მიზანშეწონილობა და შესაბამისი წინადადებები წარუდგინოს რუსეთის პრეზიდენტს.

დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის მიერ, ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას.