„რუსეთიდან სრული ემბარგოს პირობებშიც კი დანაკლისი წელს შესაძლოა, დაახლოებით 150-200 მლნ აშშ დოლარი იყოს“

რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა.

დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის მიერ, ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას.

რუსული სანქციების საკითხს „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეხმაურება:

„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„2012 წლიდან რუსეთში საქართველოდან ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა ოკუპანტ ქვეყანაზე ჩვენი ეკონომიკის დამოკიდებულება, რაც ჩემი აზრით იყო მთავარი შეცდომა.

2018 წელს, საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული იყო 437 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია, რაც მთლიანი ექსპორტის 13%-ია.

სრული ემბარგოს პირობებშიც კი (ანუ რუსეთში ქართული საერთოდ არაფერი რომ არ იყიდონ) წელს დანაკლისი შესაძლოა იყოს დაახლოებით 150-200 მლნ აშშ დოლარი,“- წერს კეპულაძე.