საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე ინვესტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა

საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე ინვესტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფონდო ბირჟის წარმომადგენლები, რომლებმაც საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი დღე საკმაოდ ღირებული იყო, რადგან საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დაისვა, რომლებსაც ამომწურავად უპასუხეს.

„შეკითხვები ნამდვილად ძალიან რელევანტური, ღრმა იყო. გვესიამოვნა, რომ ადამიანები ასე ღრმად შედიან ჩვენი რეფორმის საკითხებში. კითხვები იყო - სად მოხდება ინვესტიცია, როგორი იქნება ამონაგები. ასევე კითხვები შეეხებოდა დაცულობას, ჩვენი სააგენტოს სტრუქტურას. პასუხები გავეცით ამომწურავად, როგორ იქნება ეს ყველაფერი დაცული, როგორ მოხდება ინვესტიციები, სად გაიწერება საინვესტიციო პოლიტიკა. რაც გაიწერება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში, ზუსტად ამის მიხედვით მოხდება ინვესტიციები. ძალიან მკაცრად და კვალიფიციურად გაკონტროლდება საინვესტიციო და ოპერაციული რისკები და ეს ყველაფერი იქნება საუკეთესო დასავლური სტანდარტების მიხედვით, ასევე მათი მეთოდოლოგიების გამოყენებით“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, რომლის განცხადებითაც, თავად საპენსიო რეფორმით სარგებლობს, შედეგად, მისი თანხა გროვდება. ამასთან, ლევან ვეფხვაძე 40 წელს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დარჩნენ საპენსიო სქემაში, რადგან „ნდობის გარეშე საპენსიო ფონდი ვერ იმუშავებს." ასევე, როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საინვესტიციო საბჭოს კომპენტენტურობაში დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდა.

„დავრწმუნდი, რომ ეს არის კომპეტენტური საბჭო, რომელსაც აქვს შესაბამისი უნარები, ცოდნა იმისა, რომ ჩემი თანხა ისეთ სარისკო პროექტებში არ წავიდეს, რომელმაც შესაძლოა, ხვალ და ზეგ ამ თანხის გარეშე დამტოვოს. მივესალმები ამ საბჭოს შექმნას და არსებობას“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.