თუკი რუსეთის მხრიდან სანქციები ქმედითი გახდა, ლარი ალბათ კიდევ გაუფასურებას დაიწყებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ ლარის კურსთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, ლარის გაუფასურება გამოწვეულია მოლოდინების ფაქტორით, რაც თავის მხრივ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.
„ამ წუთას რაც ხდება, ეს არის მოლოდინების ფაქტორი, გამომდინარე იქიდან, რა განცხადებაც კეთდება ოფიციოზის მეშვეობით როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში. კონკრეტულად ის, რომ მოხდება იმპორტის შეზღუდვა, რუსეთის ბაზრიდან შეიზღუდება გადმორიცხვები და ასე შემდეგ. ბუნებრივია, ეს აჩენს მოლოდინს და ბაზარზე ადგილი აქვს აჟიოტაჟს. შესაბამისად, ამ მომენტისათვის ეს კურსი დაიკლებს, მაგრამ თანდათანობით, სავარაუდოდ, ალბათ დაიწყებს გაუფასურებას, თუკი ეს სანქციები ქმედითი გახდა“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.
ამასთან, კითხვაზე უნდა ველოდოთ თუ არა ლარის მეტად გაუფასურებას, აკაკი ცომაიამ უპასუხა, რომ ეს არავინ იცის. მისი თქმით, „მოცემულ სიტუაციაში მოკლევადიანი აჟიოტაჟი რა გავლენას ახდენს ლარზე, ეს არის მეორე თემა, რომლის ახსნაც შეუძლებელია“.
„სადამდე გაუფასურდება ლარი, ამისი თქმა შეუძლებელია. სიტუაციას უნდა შევხედოთ არა ამ წუთას ჯიხურებში რაც ხდება, არამედ უნდა შევხედოთ ისე, რომ ტრენდი იქნება გაუფასურებისაკენ“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.
შეგახსენებთ, რომ კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.97 ლარს აჭარბებს.