რუსეთს ეს ერთხელ და ორჯერ არ გაუკეთებია - საქართველომ სამუდამოდ უნდა შეიგნოს, რომ რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა საბოლოოდ პოლიტიკური ზემოქმედების ინსტრუმენტად იქნება გამოყენებული, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს რუსეთის დუმის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ გამოცემულ რეკომენდაციებზე საუბრისას განუცხადა.
დეპუტატის შეფასებით, ეს არის შანტაჟი და ანტიქართული ისტერიის გაგრძელება.
„რა თქმა უნდა, ეს არის შანტაჟი, არის ანტიქართული ისტერიის გაგრძელება რუსულ პოლიტიკურ სივრცეში, თუმცა ამ გადაწყვეტილების შესრულება არც ისე ადვილია. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სანქციები მოქმედებდა, ფულადი გზავნილების შეწყვეტა უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ეს ტექნიკურად ძალიან ძნელია. ფული ისეთი რამეა, რომ თავის გზას ყოველთვის იპოვნის და პირველ რიგში, რუსული საფინანსო სისტემა დაზარალდება. რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 460 მილიონი დოლარი გადმოირიცხება, ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ ეს არ მოხდება. რაც ეხება წინა სანქციებისაგან განსხვავებებს, ვიცით, რომ 2013 წელს პატარკაციშვილის ოჯახმა "ბორჯომი" რუსულ “ალფა ბანკს“ მიჰყიდა და "ბორჯომი" დღეს რუსული კომპანიაა. გამოდის, რომ ემბარგოს საკუთარ კომპანიასაც უცხადებენ. გარდა ამისა, აქ არის პოლიტიკური ქვეტექსტიც, რომ მიმართავენ პუტინს, პუტინმა შეიძლება დიდსულოვნება გამოიჩინოს და თქვას, რომ რაღაც ნაწილში შეიძლება გამოიყენოს სანქცია და ნაწილში - არა. ჯერჯერობით, რაიმეს დაბეჯითებით თქმა, ძალიან ძნელია. ერთი რამ ფაქტია - ჩვენ ჭკუა უნდა ვისწავლოთ! რუსეთს ეს ერთხელ და ორჯერ არ გაუკეთებია. საქართველომ სამუდამოდ უნდა შეიგნოს, რომ რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა საბოლოოდ გამოყენებული იქნება როგორც პოლიტიკური ზემოქმედების ინსტრუმენტი", - განაცხადა რომან გოცირიძემ ჟურანალისტებთან საუბრისას.
რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პლენარულ სხდომაზე მიიღო განცხადება, რომელშიც რეკომენდაცია მისცა მთავრობას, განიხილოს საქართველოს წინააღმდეგ სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღების მიზანშეწონილობა და შესაბამისი წინადადებები წარუდგინოს რუსეთის პრეზიდენტს.
დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის მიერ, ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას.