ბრენტ ნავთობის ფასი 65 დოლარამდე გაიზარდა

მას შემდეგ, რაც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანზაციამ (OPEC) და მისი არაწევრი ქვეყნების ალიანსმა, ბაზარზე მიწოდების შეკვეცის პაქტი 2020 წლის გაზაფხულამდე გააგრძელა, ნავთობის ფასმა ზრდა განაახლა. ამასთან, ამ პროცესს ხელს ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციაც უწყობს.

ბაზარზე მიწოდების შეზღუდვა ის ძირითადი ფაქტორია, რომლის გამოც, ნავთობის ფასი წელს 20 პროცენტით არის გაზრდილი. ამ ტრენდს ხელს უწყობს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დაძაბულობაც. ახლახანს ირანმა ამერიკული სანქციების პასუხად გამოაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმების პირობების თანმიმდევრულ დარღვევას იწყებს. ეს ნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მალე ევროპაც გააქტიურდება.

ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფასმა დღეს 64.70 დოლარს მიაღწია, ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალოს ფასი კი 58.12 დოლარამდე გაიზარდა.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პაქტის გაგრძელების წყალობით, ნავთობს გაძვირების რეალური მიზეზი მიეცა. თუ გაძვირება არა, ის მაინც გამოირიცხა, რომ ფასის ვარდნა გაგრძელდება.

ამერიკასა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია. ირანის მიერ, ამერიკული დრონის ჩამოგდების შემდეგ, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპასუხო საავიაციო დარტყმას აპირებდა, თუმცა ბოლო წუთს გადაიფიქრა. ახლახანს კი ირანმა ურანის გამამდიდრებელი ცენტრიფუგები კვლავ აამუშავა.

ნავთობის გაძვირებას სხვა ფაქტორებიც უწყობს ხელს. მათ შორის, ამერიკული მარაგების შემცირების მოლოდინი. გარდა ამისა, რუსეთის მიერ ნავთობის მოპოვების მოცულობა, ბოლო სამი წლის მინიმალურ მაჩვენებლამდე დაეცა. ეს კი ისევ და ისევ, ნავთობსადენ „დრუჟბას“ დაბინძურებას უკავშირდება.

ნავთობის ფასის უფრო მკვეთრ ზრდას ხელს უშლის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ეს ძლიერ აზარალებს მსოფლიო ეკონომიკას და შესაბამისად, ნავთობზე მოთხოვნა მცირდება. თუმცა ოპტიმიზმს ბადებს ის გარემოება, რომ მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკა მალე მოლაპარაკებებს განაახლებს.