“გაატარე ზაფხული საქართველოში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ხევსურეთსა და ხევში პრესტური გაიმართა.
სხვადასხვა მედიასაშუალების 30-მდე წარმომადგენელმა ხევსურეთში ჩირდილის ბანაკი დაათვალიერა, მოინახულა არტჰაუსის სახელოსნო და მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ კულინარიული და ტრადიციული ხელსაქმის მასტერკლასში.
ტურის მონაწილეებმა სოფელ როშკადან აბუდელაურის ტბებამდე ფეხით რთული მონაკვეთი დაფარეს. მწვანე და ლურჯი ტბა ზღვის დონიდან 2812 მეტრზე მდებარეობს.
ხევსურეთის მონახულების შემდეგ პრესტურის მონაწილეები ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ, დაათვალიერეს ჯუთა, ასევე იმყოფებოდნენ ჭაუხების ძირში.
მთათა მასივი ჭაუხები მრავალი მწვერვალისგან შედგება. სახელობითი მწვერვალები ცნობილი ქართველი ალპინისტების სახელებს ატარებენ. მათ შორისაა მუხაძის, თიკანაძის, რჩეულიშვილის სახელობის მწვერვალები.
„შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით 30-მდე ჟურნალისტს საშუალება მივეცით ენახათ და გადაეღოთ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილები: ხევსურეთი და ჯუთა. მათ მოინახულეს აბუდელაურის ტბები, ჭიუხები და სხვა ადგილები. უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს მოქალაქეებს გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა, მისი სილამაზე. წელს და არამარტო წელს მნიშვნელოვანია, რომ გავატაროთ ზაფხული საქართველოში“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.