დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თაღლითური განზრახვით დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს და დაარწმუნა იგი, რომ 30 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, შეეძლო დახმარებოდა მას ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების განულებაში. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა, ხსენებული თანხიდან მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა თანხის ნაწილი 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, - აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში.