„ეარბასის“ სუპერ გიგანტს ფრთებს შეუმოწმებენ

ევროპის რეგულატორებმა, „ეარბასის“ სუპერ გიგანტ A380-ის ფრთების შემოწმების გადაწყვეტილება მიიღეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ადრეული წარმოების სამგზავრო ლაინერების ფრთებს ბზარები აღმოაჩნდა. „ეარბასი“ ირწმუნება, რომ ბზარები თვითმფრინავის უსაფრთხოებაზე არ იმოქმედებს.

ევროპის საავიციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA), კომპანია „ეარბასს“ თვითმფრინავების შემოწმება და მათი კონსტრუქციის გადამოწმება დაავალა. ლაპარაკია ადრე გამოშვებული 25 თვითმფრინავის უკანა ფრთების ბოლოებზე. „ეარბასმა“ A380-ის წარმოება 2007 წელს დაიწყო და პირველი სუპერ გიგანტები „სინგაპურის“ ავიახაზებს მიჰყიდა.

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ მცირე ბზარები აღმოაჩნდა ადრეული წარმოების A380-ს უკანა ფრთების დაბოლოებებს. ჩვენ ეს პრობლემა დავაფიქსირეთ და მისი აღმოფხვრის გეგმა შევიმუშავეთ“, - ამბობს „ეარბასის“ პრესმდივანი.

მისივე თქმით, აღნიშნულ ფრთებს საფუძვლიანი რემონტი, აწყობის მომენტიდან 15 წლის შემდეგ უტარდება. მაგრამ შექმნილ სიტუაციაში, რემონტი პირველივე დიდი მომსახურების დროს შესრულდება.

მაგრამ EASA-ს დირექტივაში ნათქვამია, რომ ბზარებს, თუ ისინი დროულად არ დაფიქსირდა და ამას რემონტი არ მოჰყვება, ფრთის სტრუქტურული მთლიანობის რღვევის გამოწვევა შეუძლია.

2012 წელს ამავე ლაინერის ძირითად ფრთებზე აღმოაჩინეს ბზარები და „ეარბასი“ იძულებული გახდა, სასწრაფოდ რემონტზე გაეწვია დეფექტის მქონე ეგზემპლარები.