საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ცნობით, საქართველოში არის რამდენიმე რეგიონი, რომელთაც ტექ-ინსპექტირების სერვისი პრაქტიკულად არ მიეწოდებათ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ასოციაცია ავრცელებს და ეკონომიკის სამინისტროს რეაგირებისთვის მიმართავს.
„ბიზნესპრესნიუსი“ ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ქედა, შუახევი, ხულო, ეს ის მუნიციპალიტეტებია, რომელთაც ავტომობილების ტექ-ინსპექტირების სერვისი პრაქტიკულად არ მიეწოდებათ.
კომპანია „გრინვეი“ ფლობს ინსპექტირების სამ მოძრავ ხაზს. ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად მოძრავი ხაზით კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მთიან რეგიონებში ავტომობილთა ინსპექტირება, მათ შორის არის აჭარის მთიანი რეგიონიც.
კომპანია “გრინვეი“ არ ასრულებს ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაციას და ნაცვლად მთიანი რეგიონისა, გადასატან ხაზს უმეტესად ანთავსებს ბათუმის ცენტრში, უკვე არსებული ინსპექტირების ცენტრის მიმდებარედ, სადაც ერთის მხრივ ქმნის არაჯანსაღ ბიზნეს გარემოს, ხოლო მეორეს მხრივ მომსახურების გარეშე ტოვებს უამრავ ადამიანს.
ასოციაცია უარყოფითად აფასებს კომპანია „გრინვეის“ გადაწყვეტილებას, რომლის გამოც არ სრულდება ეკონომიკის სამინისტროს მთავარი დაპირება ინსპექტირების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შესახებ. მივმართავთ ეკონომიკის სამინისტროს დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ პრობლემაზე,“-აღნიშნულია განცხადებაში.