სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიმართულებით წელს უკვე 900-მდე განცხადება განვიხილეთ და აქედან დადებითად გადაწყდა 820 სტუდენტის დაფინანსების საკითხი,- განაცხადა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროგრამით მეტი სტუდენტი დაინტერესდება.
მისი თქმით, „მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი 100%-ით ფინანსდება“.
„მოგეხსენებათ, თბილისის მერია აქტიურად ახორციელებს სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სტუდენტთა მხარდაჭერა 2 ძირითადი მიმართულებით - ეს გახლავთ სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამა და სასტიპენდიო პროგრამა. მინდა, რომ მეტმა მოქალაქემ გაიგოს ამ პროგრამების შესახებ, რადგან ისინი წარმატებით ხორციელდება და თუ მეტი სტუდენტი ისარგებლებს ამით, მე მოხარული ვიქნები. სოციალური დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიმართულებით წელს უკვე 900-მდე განცხადება განვიხილეთ და აქედან დადებითად გადაწყდა 820 სტუდენტის დაფინანსების საკითხი. სტუდენტთა დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია აკადემიური მოსწრების მაჩვენებლებზე. 100%-ით ფინანსდება მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი და აღსანიშნავია, რომ ამ სემესტრში 30%-ით გაიზარდა მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების მომართვიანობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პროგრამა თავის მიზანს ასრულებს და სტუდენტებში ზრდის სწავლის მოტივაციას. წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 1 მილიონ ლარს შეადგენს“,- განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება მაგისტრანტების ფინანსური წახალისების პროგრამას, კალაძის თქმით, „ის ითვალისწინებს სემესტრულ სტიპენდიას 562 ლარის ოდენობით, თბილისში მოქმედი სახელმწიფო სასწავლებლების მაგისტრანტებისთვის, რომელთა აკადემიური მოსწრება აღემატება 91 ქულას“.
„სტიპენდია გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში 2-ჯერ. 2019 წელს, პირველ ეტაპზე, სტიპენდია გადაეცა 145 წარმატებულ მაგისტრანტს და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. წელს ამ პროგრამისთვის 200 000 ლარია გამოყოფილი“,- აღნიშნა კალაძემ.