უახლოეს დღეებში გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ტყის ტრანსფორმაციისთვის საჭირო აქტივობების განხორციელებისთვის გრანტის სახით გამოიყოფა 159 400 ლარი,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით იგეგმება პროექტი, რომლის ფარგლებში განხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები ხელოვნური ტყეების ბუნებრივ ტყეებად გარდასაქმნელად.
„უახლოეს დღეებში გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ტყის ტრანსფორმაციისთვის საჭირო აქტივობების განხორციელებისთვის გრანტის სახით გამოიყოფა 159 400 ლარი. ამ აქტივობების განხორციელება იგეგმება 2019 წლის 20 ნოემბრამდე და მოიცავს 20 ჰექტრამდე ხელოვნური, ძირითადად ფიჭვის სახეობისგან ფორმირებული ტყის კორომების გამოვლენას, შერჩეული ფართობებისთვის ტყის ტრანსფორმაციის კონცეფციის შემუშავებას, პირუტყვის მიერ დაზიანებისა და ძოვების აღსაკვეთად ფართობების შემოღობვას, ფართობების ბუჩქნარისგან გაწმენდას, ნიადაგის დამუშავებას და საგანმანათლებლო აქტივობების განოხრციელებას, მათ შორის საველე პრაქტიკებისა და ლექციების, “- განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, „პროექტის შედეგად ხელი შეეწყობა ტყის ბუნებრივ განახლებას, რაც მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების შერბილების თვალსაზრისით“.
„გარდა ამისა, ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის აუცილებლობა გამოვლინდა ტყის ინვენტარიზაციის შედეგებითაც. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს 11 900 ჰექტარ ფართობზე ჩავატარეთ ტყის ინვენტარიზაცია, რაც ბოლო რამდენიმე ათლწეულია არ ჩატარებულა. სწორედ აღნიშნული ტყის ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით გამოვლინდა, რომ თბილისის გარკვეულ ნაწილში გაშენებულ ხელოვნური წარმოშობის ტყეებს უკვე შესუსტებული აქვთ ნეგატიურ გარემო ფაქტორებზე შემგუებლობის უნარი. ხელოვნური წარმოშობის ტყეებში ჭარბობს ფიჭვნარი კორომები, რომელიც ასევე საფრთხის წინაშეა, რის გამომწვევ უმთავრეს მიზეზად ითვლება მავნებელი-დავადება, გადამეტებული ძოვება და განახლების ნაკლებობა. სწორედ ამ მდგომარეობის გამოსწორებას შევეცდებით GIZ-ის გრანტით დაფინანსებული პროექტით“,- განაცხადა კალაძემ.