„ტაქსების კატეგორიზაციის პროცესში დღეიდან იუსტიციის სახლიც ჩაერთვება"

ტაქსების კატეგორიზაციის პროცესში დღეიდან იუსტიციის სახლიც ჩაერთვება, რომლებიც ტაქსის მფლობელებს შესაბამის მომსახურებას გაუწევენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერმა ასევე შეახსენა ტაქსის მფლობელებს ვაუჩერების აღების და განაღდების ვადები. მისი თქმით, ვაუჩერების გაცემა დასრულდება მიმდინარე წლის 10 აგვისტოს და ვაუჩერების განაღდების საბოლოო თარიღია მიმდინარე წლის პირველი ოქტომბერი.

„პირველი ივლისიდან მიმდინარეობს ტაქსების კატეგორიზაციის პროცესი, რაც გულისხმობს არსებული ნებართვების A და B კატეგორიებად დანაწილებას. დღეიდან კი ამ პროცესში ჩართულია იუსტიციის სახლიც, რომელიც ტაქსის მფლობელებს შესაბამის მომსახურებას გაუწევს. გარდა იმისა, რომ ჩვენი ელექტრონული სისტემა იძლევა შესაძლებლობას, რომ სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის მეშვეობით მიიღონ სერვისები ტაქსის ნებართვის მფლობელებმა, მომსახურების მიწოდებას ასევე ვახორციელებთ ათივე გამგეობის ოფისიდან. ჩვენი სანებართვო სისტემა ითვალისწინებს ავტომატურ კატეგორიზაციას: სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც აკმაყოფილებს A კატეგორიის პირობებს, ავტომატურად ენიჭება A კატეგორია. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მსურველს სურვილი აქვს, რომ შეცვალოს კატეგორია, ამ შემთხვევაში მან შეიძლება ეს გააკეთოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ან მიმართოს იუსტიციის სახლს ან გამგეობებს. აქვე კიდევ ერთხელ მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ვაუჩერების გაცემა დასრულდება მიმდინარე წლის 10 აგვისტოს და ვაუჩერების განაღდების საბოლოო თარიღია მიმდინარე წლის პირველი ოქტომბერი.“- განაცხადა კახა კალაძემ.