როგორია ბაღჩეული კულტურების ფასი საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში

ბაღჩეული კულტურების სეზონი რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში აქტიურ ფაზაში შევიდა.

East fruit-ის ანალიტიკოსების მიერ გასულ კვირას ჩატარებული მონიტორინგის შედეგებით, პროდუქტის ფასი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო.

კერძოდ, საქართველოში ერთი კილოგრამი საზამთროს ღირებულება ივნისის ბოლოს 0,17 დოლარი იყო, ამჟამად კი 0,18 დოლარი შეადგინა. პროდუქტის ფასი მცირედით გაიზარდა ტაჯიკეთშიც, სადაც 1 კგ საზამთროს ღირებულება 0,15 დოლარიდან 0,16 დოლარამდე გაიზარდა.

პროდუქტის ფასი ყველაზე მეტად შემცირდა უკრაინასა და მოლდოვაში. კერძოდ, თუ ივნისის ბოლოს უკრაინაში 1 კგ საზამთრო 0,38 დოლარი ღირდა, ამჟამად 0,17 დოლარს შეადგენს. მოლდოვაში კი პროდუქტის ღირებულება 0,55 დოლარიდან 0, 33 დოლარამდე შემცირდა.

პროდუქტის ყველაზე დაბალი ფასით გამოირჩეოდა უზბეკეთი, სადაც 1კგ საზამთროს ფასი 0,09 დოლარიდან 0,08 დოლარამდე შემცირდა.

რაც შეეხება პროდუქტის ყველაზე მაღალ ფასს, ამ დროისთვის პოლონეთში ფიქსირდება, სადაც ივნისის ბოლოს 1 კგ პროდუქტი 0,60 დოლარი ღირდა, ამჟამად კი 0,56 დოლარი ღირს.

ამასთან, საზამთროს ფასი არ შეცვლილა ბელორუსში და რუსეთში. ბელარუსში 1 კგ პროდქტი 0,39 დოლარი, ხოლო რუსეთში კვლავ 0,24 დოლარი ღირს.

ანალიტიკოსების აზრით, სეზონის განმავლობაში საზამთროს შემთხვევაში ფასების ცვლილების მიზეზი მხოლოდ არასასურველი ამინდის პროგნოზი და ექსპორტის ზრდა შეიძლება გახდეს.

რაც შეეხება ნესვის ბაზარს, აქ დაახლოებით იგივე ვითარებაა, რაც საზამთროს შემთხვევაში. კერძოდ, უმეტეს ქვეყნებში ფასი სტაბილური დარჩა ან მცირედით გაიზარდა, ხოლო უკრაინისა და მოლდოვაში შემცირდა.

უკრაიანში 1 კგ ნესვი ივნისის ბოლოს 0,88 დოლარი ღირდა, ამჟამად 0,31 დოლარი ღირს. მოლდოვაში კი ფასი 0,82 დოლარიდან 0,72 დოლარამდე შემცირდა.

საქართველოში ნესვის ღირებულება მცირედით გაიზარდა და თუ ივნისის ბოლოს 0,38 ლარი ღირდა, ამაჟამად 0,39 დოლარია.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, უზბეკეთში პროდუქტის ფასი 0,23 დოლარიდან 0,21 დოლარამდე შემცირდა, ტაჯიკეთში 0,32 დოლარიდან - 0,30 დოლარამდე, პოლონეთში 2,00 დოლარიდან - 1,99 დოლარამდე, ხოლო ბელორუსში კვლავ 0,98 დოლარი დარჩა.

ნინი ქეთელაური