ქართული ღვინო - ჩინეთის მილიონიანი ქალაქებისთვის

შესაძლოა, ეს შორეული ქვეყანა ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ბაზრად გადაიქცეს

ჩინეთი საქართველოსგან მოშორებული ქვეყანაა, განსხვავებული წეს-ჩვეულებებითა და ტრადიციებით, თუმცა, სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, ეს შორეული ქვეყანა ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ბაზრად გადაიქცეს. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და ციფრებიც ადასტურებს, რომ ჩინეთში ქართული ღვინის რეალიზაცია თანდათან იმატებს - 2014 წლის ივლისისთვის ექსპორტირებულია 728 238 ბოთლი ღვინო, რაც 14%-ით მეტია შარშანდელ იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ლევან დავითაშვილის თქმით, უკვე გადაწყდა, რომ ქართულ ღვინოს პოპულარიზაციას ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის კომიტეტი გაუწევს. ამ თანამშრომლობაზე მხარეები შეთანხმდნენ გასულ თვეს ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნესსექტორების წარმომადგენლებს შეხვდა. გაიმართა ქართული ღვინის სემინარი, ხოლო 30 ივლისს კი, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. ლევან დავითაშვილი ჩინეთში ვიზიტსა და ქართული ღვინის პერსპექტივებზე გვესაუბრება:

- ბატონო ლევან, როგორ შეაფასებთ ჩინეთში გამართულ შეხვედრებს და რატომ არის ამ ქვეყნის ბაზარი ჩვენთვის საინტერესო?

- წლეულს ეს უკვე მეორე ვიზიტია და, ალბათ, კიდევ რამდენიმე გვექნება. ეს ვიზიტები ჩვენი მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილია. ჩინეთი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ბაზრად არის მიჩნეული, იქ უკვე შერჩეულია მარკეტინგული კომპანიები, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და მისი ცნობადობის ამაღლებაზე იმუშავებენ.

ჩინეთის ბაზარი მეტად სპეციფიკურია, რადგან იქ ძალიან ბევრია სახელმწიფო საწარმო. მიუხედავად იმისა, რომ იქაც საბაზრო ეკონომიკაა, სახელმწიფოს კონტროლი და გავლენა მაინც დიდია. აქედან გამომდინარე, თუ სამთავრობო სტრუქტურებს არ დავაინტერესებთ, ძალიან გაურთულდება ქართულ ღვინოს იქ ფეხის მოკიდება. ყველანაირად ვცდილობთ, მომხმარებელს ქართულ ღვინოზე წარმოდგენა შეექმნას. საწყის ეტაპზე, ძირითადად, პროფესიონალ მომხმარებელზეა საუბარი. ვცდილობთ, მჭიდრო კონტაქტი გვქონდეს ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროსთან, რომელიც კოორდინაციას უწევს ალკოჰოლური სასმელების გაყიდვას. შეხვედრები გვაქვს იქაურ სამთავრობო და ბიზნესწრეებთან, ორგანიზაციებთან, რომლებსაც ჩინურ ბაზარზე დიდი გავლენა აქვთ. თითქმის ყველას შევხვდით, ვისაც ამ სფეროში სიტყვა ეთქმის.

- რამდენად რეალურია იმედი, რომ ქართული ღვინო ჩინურ ბაზარზე თავს დაიმკვიდრებს?

- ეს იმედი რეალურია თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ შევაფასეთ, რომ ეს ქვეყანა მართლაც პერსპექტიული იქნებოდა ქართული ღვინისთვის და ამის შემდეგ დავიწყეთ მოქმედება. უპირველეს ყოვლისა, ჩინეთის ბაზარი მზარდია - თუ სხვა ქვეყნებში ღვინის მოხმარება მცირდება, იქ, პირიქით, იმატებს. ამასთან, ეს აშშ-ის შემდეგ ყველაზე დიდი ბაზარია: თუ აშშ-ში ყოველწლიურად 3,9 მილიარდ ბოთლ ღვინოს ყიდიან, ჩინეთის ბაზარზე დაახლოებით 2 მილიარდი ბოთლი იყიდება. ეს არის უზარმაზარი სივრცე, სადაც ღვინო ჯერჯერობით რამდენიმე ქვეყანას შეაქვს, და იქ არის ადგილი, სადაც შეიძლება ქართული ღვინო დამკვიდრდეს.

თუ ევროპასა და დასავლეთში საკმაოდ პრაგმატული მიდგომა აქვთ და ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ჩინეთში პირიქით ხდება. ეს ჩვენ საკუთარი თვალით ვიხილეთ და დავრწმუნდით, მით უმეტეს, რომ ჩინეთიც უძველესი ისტორიის მქონე ქვეყანაა. პოზიტივებს შორის დავასახელებდი იმასაც, რომ ჩინელების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არის ძალიან თბილი და კეთილი, რასაც ზოგიერთ ქვეყანაში ვერ ვხედავთ. სამწუხაროდ, საქართველო უცნობია ყველგან, გარდა დსთ-ის სივრცისა. ჩინეთშიც მსგავსი მდგომარეობაა, მაგრამ საქართველო იქ მაინც უფრო იციან და ვინც იცის, საკმაოდ დადებითად არის ჩვენ მიმართ განწყობილი.

- რამდენად მოუხდება ქართული ღვინო ჩინურ სამზარეულოს?

- ჩინური სამზარეულო ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანია და სხვათა შორის, მათი სუფრისთვის ღვინის შერჩევა ძალიან რთულია. მაგრამ აქ კიდევ ერთი დადებითი მხარე ჩნდება: მოგეხსენებათ, რომ ქართული ღვინო კომპლექსურია და ბევრ კერძთან მიდის, მრავალფეროვანია ჩვენი სამზარეულოც. შესაბამისად, ღვინის შეხამების ელემენტი, რომელიც დასავლეთში ასე მიღებულია და მნიშვნელოვანი, ჩინეთში არ არის საჭირო. სხვათა შორის, ჩინელებს ტრადიციული სასმელი ღვინო არასოდეს ჰქონიათ, მათ სასმელს ჰქვია ბეიჯუ, რომელსაც სხვადასხვა მარცვლოვანი კულტურისგან აყენებდნენ საუკუნეების განმავლობაში. ბეიჯუ ძალიან პოპულარულია უფროს თაობაში. არსებობს სხვადასხვა ტიპის ბეიჯუ. ჩინეთში არის მილიარდიანი კორპორაციები, რომლებიც ამ სასმელს აწარმოებენ. ბეიჯუ სპეციფიკური სასმელია, თითქოს ჩვენებურ არაყს წააგავს, მაგრამ უფრო არომატულია. ამ უძველესი სასმლის ზოგიერთი ბრენდის ბოთლი ჩინეთში 500-1.000 ევროც კი ღირს, ბეიჯუ ყველა საზეიმო მიღებაზე გამოაქვთ და მისით ამაყობენ. არსებობს ბეიჯუს ისეთი ტიპი, რომელსაც ქვევრებში ადუღებენ და მერე ხდიან... ერთი სიტყვით, ეს სასმელი ჩინეთში ძალიან პოპულარულია, მაგრამ ახალგაზრდებში, განსაკუთრებით კი ქალებში, ღვინო თანდათან იძენს პოპულარობას.

რასაკვირველია, ღვინო ჩინელების ტრადიციულ სასმელს ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ ღვინის მოხმარების ზრდის ტენდენცია აშკარაა. ეს თვალსაჩინო განსაკუთრებით მილიონიან ქალაქებშია, ისინი კი ჩინეთში ბევრია. პეკინისა და შანხაის მსგავსად, ამ ქალაქებში მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი ძალიან მაღალია.

- თვითონ თუ აწარმოებენ ღვინოს და, ძირითადად, სადაური ღვინოები მოსწონთ?

- დიახ, ადგილობრივი ღვინის წარმოება ძალიან დიდია და მზარდი. ჩინეთი უკვე ვენახების ფართობითაც ლიდერი ხდება და სულ მალე შეიძლება მსოფლიოში პირველ ადგილზეც გავიდეს. დღეს ეს ქვეყანა მსოფლიოში ღვინის რიგით მეხუთე მწარმოებელია.

ჩინელები ძირითადად, მსოფლიოში ცნობილ ღვინოებს აწარმოებენ, თუმცა, ნელ-ნელა გამოჰყავთ ადგილობრივი ჯიშებიც. მართალია, მათთვის ეს ტრადიციული კულტურა არ არის, მაგრამ საქართველოსთან შედარებით, იქ მაინც ძალიან დიდი მასშტაბებია. ვენახების დიდი ნაწილი ჩინეთში XX საუკუნის 70-80-იანი წლებიდან გააშენეს. სხვათა შორის, იქ საბჭოთა დროს წაღებული რქაწითელი და საფერავიც ხარობს.

-როგორია ჩინური ღვინო?

- საქმე ის არის, რომ ჩინეთში ძალიან რთული კლიმატია. რა თქმა უნდა, ჩინეთშიც არის ადგილები შედარებით უკეთესი პირობებით, მაგრამ კლიმატიდან გამომდინარე, ღვინის ხარისხი არ არის ისეთი კარგი. თუმცა, პროფესიონალიზმი აშკარად იგრძნობა, ხარვეზიანი ღვინო იქ პრაქტიკულად არ არის. მაგრამ ქართული ღვინო გემოთი და არომატით ჩინურისგან გამოირჩევა. ამიტომ დიდი შანსი გვაქვს, ის ჩინელებსაც მოვაწონოთ.

ამ ეტაპზე ჩინეთში ფრანგული ღვინო აშკარა ლიდერია, მას მოჰყვება ავსტრალია, იტალია და ჩილე. ეს არის პირველი ოთხეული, რომელიც ღვინით ამარაგებს ჩინეთს. ავსტრალიასა და ჩინეთს ტრადიციულად აქვთ ძალიან ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობები, რასაც ტერიტორიული სიახლოვეც განაპირობებს. ჩინელებს შორის პოპულარულია რამდენიმე ადგილობრივი ჯიში, ხოლო უცხოურ ჯიშებში, ძირითადად, ბორდო, კაბერნე და მერლოუ დომინირებს. პოპულარულია იტალიური ღვინოც.

- მოკლედ, როგორ შეაფასებთ ქართული ღვინის "ჩინურ პერსპექტივებს"?

- სამწუხაროდ, ჩვენ ცოტა დავაგვიანეთ და ეს შეხვედრების დროს არაერთმა პროფესიონალმა გვითხრა, მაგრამ ეს მაინც პერსპექტიული ბაზარია. ქვეყანა ძალიან დიდია და იქ ჩვენს სეგმენტს ვეძებთ. მართალია, ავსტრალიას ვერ შევედრებით და იქ ასეულმილიონობით ბოთლს ვერ შევიტანთ, მაგრამ ქართული ღვინისთვის ჩინეთი ერთ-ერთი საინტერესო, ალტერნატიული მიმართულება გახდება. მე ვნახე იქაური ვენახები და ჩინური ღვინოებიც გავსინჯე, ვნახე ისიც, როგორი მოწონება დაიმსახურა საერთაშორისო გამოფენაზე ქართულმა ღვინომ. 30 ივლისს გაიმართა პრეზენტაცია და დეგუსტაცია, სადაც ჩინელები ტაშითა და შეძახილებით გამოხატავდნენ თავიანთ კეთილგანწყობას. მათ ძალიან მოსწონთ ჩვენი ღვინო და ისიც, რომ საქართველო ძველი კულტურის ქვეყანაა. ბოლო ხანებში ჩინეთში ქართული ღვინის გაყიდვაც იზრდება და დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს ციფრები კიდევ უფრო მოიმატებს.

- რამდენად გამართლებულია მოსაზრება, რომ რუსული ბაზარი ჩინეთმა ჩაანაცვლოს?

- მოდი, შევთანხმდეთ, ნუ ვისაუბრებთ რუსული ბაზრის ჩანაცვლებაზე, რადგან ის ქართული ღვინისთვის დომინანტია. ამ ეტაპზე რუსეთი ჩვენთვის ნომერი პირველი პარტნიორია, თუმცა, მისი ალტერნატივა მართლაც შეიძლება გახდეს ჩინეთი. საქართველო ერთ ბაზარზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, რუსეთშიც უნდა შევინარჩუნოთ პოზიცია, ჩინური ბაზარიც ავითვისოთ და ამითაც არ უნდა შემოვიფარგლოთ - სხვათა შორის, ქართული ღვინის გაყიდვის თვალსაზრისით აშშ-იც არანაკლებ საინტერესოა.

ხათუნა ჩიგოგიძე

წყარო: გაზეთი ”კვირის პალიტრა”