ფოთში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს

ფოთში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. დღეს მშენებლობის პროცესს ადგილზე EIB-ის ხელმძღვანელობა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაციასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შენგელიასთან და სამეგრელო - ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს დიდი (25X16) და მცირე (10X8) საცურაო აუზი ექნება, საცურაო სივრცეში განთავსდება 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. კომპლექსს ასევე ექნება სპორტული მოედანი, 160 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით, ცალკე განთავსდება ფიტნეს დარბაზი. სპორტულ კომპლექსში მოეწყობა საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის და ექიმისთვის. იქვე განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.

„ჩვენთან ერთად ამ ობიექტზე იმყოფებიან ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები. გავაცანით რეგიონში მათ მიერ დაფინანსებული პროექტები. ერთ-ერთი პროექტი ამ ქალაქში ხორციელდება. ნოემბრის ბოლოს უკვე დასრულდება სპორტკომპლექსის მშენებლობა და ექსპლუატაციაში შევა. ახალი კომპლექსი სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ვისაუბრეთ სამომავლო პროექტებზეც, ამიტომ მნიშვნელოვანია ადგილზე გასვლა,“- განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაციამ.

პროექტის განხორციელება გასული წლის მარტში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება, მისი ღირებულება 14,5 მილიონი ლარია.

ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა დღესვე ფოთის სატუმბი სადგური დაათვალიერეს, პროექტი ამავე ბანკის დაფინანსებით განხორცილდა.