ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები - ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტების ნაკადის მოსალოდნელი შემცირების შესახებ, გაურკვევლობა რუსეთის მიერ შესაძლო სანქციების დაწესების თაობაზე ლარის გაცვლით კურსზეც აისახა, - ამის შესახებ დღეს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, დღევანდელი სიტუაცია ცხადყოფს, რომ დოლარიზაციის შემცირების პოლიტიკა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების ამოქმედება, სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო.
“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რომელიც შოკების შთანთქმის ფუნქციას ასრულებს. სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინები. შესაბამისად, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტების ნაკადის მოსალოდნელი შემცირების შესახებ, ასევე გაურკვევლობა რუსეთის მიერ შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ, ლარის გაცვლით კურსზეც აისახა, რის გამოც ბოლო 3 კვირის განმავლობაში, ლარის კურსმა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რამდენჯერმე მკაფიო ცვლილება განიცადა.
პირველადი გათვლებით, სხვა თანაბარ პირობებში, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებითაც, წლის განმავლობაში უცხოური ვალუტით შემოდინებები ჯამში პროგნოზირებულზე მცირედით, მაგრამ მაინც გაიზრდება, რაც ლარის გაცვლით კურსზე გავლენებს შეარბილებს“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.