თორნიკე რიჟვაძე - მცირე და საშუალო საოჯახო სასტუმროებს ექნება მაქსიმალური ხელშეწყობა

ჩვენ კომპლექსურად ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან ერთად, რომ იმ გამოწვევებს, რაც უკავშირდება ტურისტულ სეზონს, ღირსეულად ვუპასუხოთ,-ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთში განახლებული სანაპირო ზოლის დათვალიერებისას განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, მცირე და საშუალო საოჯახო სასტუმროებს ექნება მაქსიმალური ხელშეწყობა და სახელმწიფო მეწარმეებს, როგორც ქობულეთში, ასევე ბათუმში ფინანსურად მაქსიმალურად დაეხმარება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, ქობულეთის ბულვარის 1200 მეტრი სიგრძის რეაბილიტირებული და განახლებული სანაპირო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრთან, მაია ცქიტიშვილთან ერთად დაათვალიერეს.

ქვეყნის და რეგიონის პირველი პირები მოსახლეობას და დამსვენებლებს შეხვდნენ და გაესაუბრნენ.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაღლდეს ტურისტული პოტენციალი ქობულეთში და ძალიან ბევრი საშუალო ზომის სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა. მისივე თქმით, მიუხედავად გამოწვევებისა, მიღებულია ადგილობრივ მეწარმეების დახმარების გადაწყვეტილება, რათა არცერთი პროექტი, არცერთი ინვესტიცია, თუნდაც მცირე მოცულობის, არ შეჩერდეს.

„ივნისი იყო ძალიან წარმატებული. დაახლოებით 40%-იანი ზრდა გვქონდა ჩვენ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შემდეგ დაიწყო გამოწვევები, თუმცა დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ამ ყველაფერს გავუმკლავდებით“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ქობულეთის ბულვარის განახლებაზე ჯამში 9 მილიონი ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი ბულვარი, გაიზარდა კურორტის სანაპირო ზოლი, შემცირდა შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება სანაპიროზე, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ტურისტული სეზონისთვის დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას აძლევს.

პროექტი ასევე მოიცავს ბულვარის სასეირნო ზოლის მოწესრიგებას, ველო-ბილიკების მოწყობას, მწვანე ზოლის გაშენებას, განათების სისტემის განახლებას, მრავალფუნქციური სპორტული მოედნის მშენებლობას, საბავშვო ატრაქციონებისა და სპორტული ტრენაჟორების განთავსებას.