ამ ტრიბუნიდან მინდა ხმამაღლა განვაცხადო - საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო ძალიან დიდი პოზიტიური მოვლენა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ტუსკის განცხადებით, საბჭოთა კავშირის კოლაფსი პოზიტიური იყო როგორც საქართველოსთვის, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის და რუსეთისთვისაც.
მისი თქმით, 2019 წელი ევროპისთვისაც სიმბოლური დროა, ვინაიდან ევროპაშიც სხვადასხვა ღონისძიება აღინიშნება.
„ჩემთვის პატივია მონაწილეობას ვიღებდე ამ კონფერენციაში, არაჩვეულებრივ ქალაქ ბათუმში, სადაც ჩვენ აღვნიშნავთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს. ეს ასევე მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ევროპის ისტორიაშიც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები აღინიშნება. ამან მოიტანა უფრო ფართო პერსპექტივა ჩვენს დისკურსში. ჩვენ 2019 წელს აღვნიშნავთ ევროკავშირის გაფართოების მე-15 წლისთავს, რამაც ძალიან დიდი შედეგი მოიტანა ჩემი ქვეყნისთვის - პოლონეთისთვისაც. ამავე წელს ჩვენ აღვნიშნავთ საბჭოური დომინირების კოლაფსს, რომელიც თბილისში დაიწყო დემონსტრაციებით, გაგრძელდა პოლონეთში, ჩატარდა თავისუფალი არჩევნები და ა.შ. გახსოვთ ალბათ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა 2005 წელს განაცხადა, დროა აღიაროთ, რომ საბჭოთა კავშირის კოლაფსი იყო უდიდესი შეცდომა ამ ეპოქისო. მე დღეს ძალიან ხმამაღლა მინდა განვაცხადო ამ ტრიბუნიდან, რომ საბჭოთა კავშირის კოლაფსი და დანგრევა იყო ძალიან დიდი პოზიტიური მოვლენა საქართველოსთვის, პოლონეთისთვის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის და დარწმუნებული ვარ თვით რუსეთისთვისაც კი. ეს არის ძალიან სიმბოლური დრო იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ რა გზა გავიარეთ ამ 10 წლის განმავლობაში და როგორ გავაგრძელოთ ეს გზა,“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა