საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაწესრიგებლად მასშტაბური რეფორმები განხორციელდება - რას გეგმავს თბილისის მერია?

თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაწესრიგებლად მასშტაბურ ღონისძიებებს გეგმავს. დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიან სისტემაში მოსაქცევად სამუშაოები უკვე დაწყებულია. რას გეგმავს მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისთვის, რომელ უბნებში იმოძრავებს ტრამვაი, როგორ შეეძლებათ მოქალაქეებს ერთი ბილეთით მთელი დღით ან მთელი თვით მგზავრობა, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ესაუბრა.

- როგორც ჩვენთვის ცნობილია, თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისთვის კონკრეტულ ღონისძიებებს გეგმავს. მათ შორის, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, იგეგმება მგზავრობის საფასურის გადახედვა, ასევე მეტროს, ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების ერთიანი გადახდის სისტემაში ჩართვა. რა იგეგმება უფრო კონკრეტულად და როდიდან ამოქმედდება ახალი სისტემა?

- ამ წუთში მგზავრობის საფასურის გადახედვაზე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, რადგან დაგეგმილი არ გვაქვს არაფერი ფასის გაზრდასთან დაკავშირებით. ის, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სისტემის მოდერნიზაცია, რაც თავის თავში ბევრ რამეს გულისხმობს. პირველი რიგში, გულისხმობს ავტოპარკის მთლიანად ჩანაცვლებას, მეორე - ავტოპარკის რაოდენობის ზრდას და შესაბამისად, ავტობუსების მოცულობების ზრდას იმისთვის, რომ მოკლე დროში უფრო მეტი ადამიანი გადაიყვანონ, მესამე - შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. 4 ქუჩის მოწყობაზე ახლა მიმდინარეობს მუშაობა და 21 ქუჩისთვის ტენდერს უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ. ქუჩების პროექტირება საგზაო მოძრაობისთვის ნიშნავს იმას, რომ როცა ყველა ავტობუსი გვეყოლება, მას თუ თავისი ხაზი არ ექნება, შუქნიშანმა თუ ის შეუფერხებლად არ გაატარა, მკვეთ ქუჩებზე თუ არ ექნება თავისი პროექტი, აზრი არ აქვს, ის საცობში მოყვება. შესაბამისად, მთელი თბილისის მასშტაბით, 10 ძირითადი დერეფანი გვაქვს, სადაც დიდმა ავტობუსებმა უნდა იაროს, ეს არის დიდი ქუჩები, სადაც არ ივლიან მიკროავტობუსები. ეს ყველაფერი კომპანია „სისტრას“ დაგეგმილია. ამ 10 ძირითად დერეფანზე მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, გაჩერებები სხვა ადგილებზე იქნება, ფეხით მოსიარულეებისთვის გადასასვლელები მოეწყობა და მთლიანად შეიცვლება ინფრასტრუქტურა. ყველა ავტობუსის შემოყვანის შემდეგ ჯამში 100 ათასი ადგილი გვექნება, დღეს გვაქვს 42 ათასი. ავტობუსების რაოდენობა არ გაორმაგდება, მაგრამ გაიზრდება მათი მოცულობა, გვეყოლება 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები. მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფალი გადაადგილების საშუალება, ხოლო სხვა ყველა დამაკავშირებელ პატარა ქუჩაზე იმოძრავებს პატარა ზომის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ჩაანაცვლებს არსებულ სამარშრუტო ტაქსებს, რადგან ისინიც გამოსულია მწყობრიდან.

- ანუ ყვითელი მიკროავტობუსები ყველა ქუჩაზე, როგორც დღეს არის, აღარ იმოძრავებენ?

- 10 დერეფანში უნდა იმოძრაოს მხოლოდ დიდმა ავტობუსებმა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს მიმზიდველი. მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ არ მოყვნენ საცობში. ავტობუსების მოძრაობის ზუსტი გრაფიკი იქნება და მგზავრს წამის სიზუსტით ეცოდინება, რომელ საათზე მივა დანიშნულების ადგილზე, როგორც ეს ევროპის ქვეყნებშია. შესაბამისად, სამარშრუტო ტაქსები, რომელიც იქნება 8 მეტრზე პატარა და ექნება 16-დან 19-მდე ადამიანის გადაყვანის უფლება, ისინი იმოძრავებენ ისეთ ქუჩებზე, სადაც დიდი ავტობუსები არ იქნებიან. თბილისის რელიეფიდან გამომდინარე, ასეთი მცირე ზომის ტრანსპორტიც გვჭირდება. სქემა ისე უნდა აეწყოს, რომ პატარა საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან დიდ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდომის ძალიან კომფორტული მოდელი გვქონდეს, მათ შორის, გადახდის სისტემასთან დაკავშირებითაც. ადამიანს ექნება ან აბონიმენტი, ან დილით აიღებს ბილეთს, რომელიც დაფარავს როგორც მეტროს, ასევე ავტობუსს და ასევე დაფარავს იმ მცირე ზომის საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც იმოძრავებს დამაკავშირებელ ქუჩებზე. დამაკავშირებელ ქუჩებზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს იმას,რომ ეს ქუჩები არის მხოლოდ გარეუბნებში. ეს არის ნებისმიერი პატარა ქუჩა, რომელსაც ვხვდებით ძველ თბილისში, ვერაზე, ვაკეში, საბურთალოზე, რომელიც შიდა საუბნო გზებია. მათ შორის, შემოერთებულ ტერიტორიებზე, წავკისში, წყნეთში, სადაც ვერ გავუშვებთ 12 და 24-მეტრიან ავტობუსებს. თბილისში დღეს გვაქვს ძალიან ბევრი უბანი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გვყავს, რასაც მოსახლეობა ითხოვს, მაგრამ ვერ ვამატებთ, რადგან არ გვყოფნის რაოდენობა. ადამიანებს ექნებათ საშუალება, რომ ინტეგრირებული გადახდის სისტემით გადაიხადონ ერთხელ და გააჯდომა მოახდინონ ახალი ე.წ. მარშუტკიდან ავტობუსში, თუ დასჭირდებათ ავტობუსიდან მეტროში. აღარ იქნება დუბლირება, როგორც დღეს არის. ანუ დღეს შეიძლება ერთიდაიგივე ხაზი უზრუნველყოფილი იყოს მეტროთი, სამი ავტობუსით და 6 სამარშრუტო ტაქსით, რაც ქმნის ქაოსს, საცობს და გვაქვს დიდი პრობლემები. ასევე გვაქვს უბნები, სადაც არც „მარშრუტკა“ დადის და არც ავტობუსი. ეს შეიცვლება. ბევრად კომფორტული უნდა იყოს ადამიანისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სერვისის უზრუნველყოფა. ეს ის პოლიტიკაა, რომ მანქანებზე ნელ-ნელა უარი უნდა ვთქვათ. ამასთან, ხალხს არ მოუწიოს ცალკე მეტროში, ცალკე ავტობუსებში და სამარშრუტო ტაქსებში მგზავრობის საფასურის გადახდა, არამედ, გადაიხადონ ერთხელ, იმ ბილეთის ვალიდაცია გააკეთონ და ეს ერთი ბილეთი გამოიყენონ ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის ვგეგმავთ ამ სქემაში საბაგიროს ჩართვასაც. როგორც საზღვარგარეთ არის „ოფციები“ ასარჩევი, ისე იქნება აქაც, რასაც გინდა იმას იყიდი. გექნებათ საშუალება, რომ ერთი ავტობუსის ბილეთი იყიდოთ, თუ ერთი ავტობუსით გადაადგილდებით ძირითადად, ან იყიდოთ ავტობუსს პლუს მეტრო, ან ავტობუსს პლუს სამარშრუტო ტაქსი. თქვენ თავად აირჩევთ „ოფციას“. თუ იცით, რომ ყოველდღე მოდიხართ მერიაში, იყენებთ „დელისის“ მეტრომდე სამარშრუტო ტაქსს, შემდეგ ავტობუსს ან მეტროს, იყიდი ამ მარშრუტის ბილეთს. ასევე გვექნება ერთჯერადად ბილეთების ყიდვის საშუალებაც სხვა მიმართულებებზე. მიზანი არის ის, რომ ზუსტად იცოდეს მოსახლეობამ რა დრო დასჭირდება ამა თუ იმ ადგილზე მისასვლელად. მეტროდან რომ ადამიანი ამოვა, მან უნდა იცოდეს, რა დროში მოვა ავტობუსი, რომელიც დანიშნულების ადგილამდე მიიყვანს.

- დაახლოებით, რა ფასის გადახდა მოუწევს ინტეგრირებული გადახდის სისტემის შემოღების შემდეგ მგზავრს ერთი დღის აბონიმენტის ყიდვისას ან ერთთვიან აბონიმენტში?

- ევროპის ქვეყნებს ნუ შევადარებთ იმ ფასს, რომელსაც ჩვენ ვიხდით საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ჩვენი შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტს მართავს, არის წამგებიანი ორგანიზაცია და სახელმწიფო ახდენს მის სუბსიდირებას. რეალურად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გზავრობა 50 თეთრი არ ღირს. ეს ბევრად ძვირი ღირს და დანარჩენი თანხა იფარება სახელმწიფოს მხრიდან. ეს პროგრამა ბუნებრივია, მომავალშიც გაგრძელდება და იქ, სადაც სუბსიდირება იქნება საჭირო, სახელმწიფო დააფინანსებს, მათ შორის, შეღავათები დარჩება სოციალურად დაუცველებისთვის, სტუდენტებისთვის, პენსიონერებისთვის, მოსწავლეებისთვის, პედაგოგებისთვის, ომის ვეტერანებისთვის და ა.შ. ყველა ეს პროგრამა იქნება შენარჩუნებული.

- რაც შეეხება ბილეთის ფასს, რა ეღირება დაახლოებით ბილეთი, რომლითაც მგზავრობა შეგვეძლება დღის განმავლობაში? მინიმალური თანხა საიდან შეიძლება დაიწყოს?

- ამაზე მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ ეს ზუსტად ის თანხა იქნება, რასაც ადამიანი იხდის დღის განმავლობაში მგზავრობისთვის, სხვადასხვა ტრანსპორტით სარგებლობისას. ამაზე ჩვენი ფრანგი კოლეგები, „სისტრა“ მუშაობს და დავთვლით. გააჩნია მარშრუტს, სქემას, ვინ რას აირჩევს, ერთდღიან აბონიმენტს, ერთთვიანს, სტუდენტურს თუ სხვა ბარათს. ეს ინდივიდუალურად დადგინდება. მაგრამ სახელმწიფო გააგრძელებს ყველა იმ სუბსიდიას და საშეღავათო სისტემას შეანარჩუნებს, რომელიც დღეს მოქმედებს.

- როდის ექნებათ მგზავრებს ამ სისტემით სარგებლობის საშუალება?

- 2021 წელს მთლიანად გადავალთ ამ სისტემაზე. მანამდე, დაახლოებით, 32 ქუჩა არის გასაკეთებელი და ავტობუსების პარკი გასაახლებელი.

- რომელ ქუჩებზე მოეწყობა ახალი სატრანსპორტო კვანძები?

- ხიზანიშვილის, ვეკუას, ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, უნივერსისტეტის, მარშალ-გელოვანის, რუსთაველის, დიდუბის, დადიანის ქუჩებზე. ჯამში, როგორც უკვე აღვნიშნე, 34 ქუჩაა. ასევე ორთაჭალის მიმართულებითაც იქნება ქუჩები მოსაწყობი ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. ყველა ამ ქუჩს გადავაგეგმარებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ქუჩას გადავთხრით. აქ მოეწყობა ახალი შუქნიშნები, დაიხაზება Bus Lane-ები, მკვეთ ქუჩებზე შესასვლელ-გამოსასვლელები მოეწყობა ახლებურად. 21 ქუჩაზე ასეთი კვანძების მოწყობა, რომელზეც ტენდერს ახლა გამოვაცხადებთ, დაიწყება ლუბლიანას ქუჩიდან და დამთავრდება მაღლივთან. ეს მთლიანად ერთი კვანძია. აქ თუ სადმე შუქნიშანი აინთო არასწორად და სადმე კვანძი არასწორად გავაკეთეთ, შეიძლება გაგარინის მოედანზე მოგვცეს საცობი ავტობუსისთვის. გულწრფელად გეტყვით, ეს აქამდე საქართველოში არ გაკეთებულა. პირველი საპილოტე პროექტი კოსტავაზე გავაკეთეთ, რომელიც აზიის განვითარების ბანკის ექსპერტებმა გაგვიკეთეს, განიტვირთა მოძრაობა, თუმცა, გაგარინის მოედანზე მაინც იჭედებიან. ახლა ეს მონაკვეთიც განიტვირთება მთლიანი კვანძის მოწყობით.

- საუბარი იყო ასევე ჭკვიანი შუქნიშნების დამონტაჟებაზე, რომელიც ჯერ საზოგადოებრივ ტრანსპორტს გაატარებდა და შემდეგ კერძო ავტომობილებს. რჩება ძალაში ამ სისტემის შექმნა?

- დიახ, ამ სისტემაში ჭკვიანი შუქნიშნების დაყენებაც მოიაზრება. აქ არ არის მხოლოდ Bus Lane-ის დახაზვა. შუქნიშნები მთლიანად ერთ სისტემაში ერთვებიან და მართვის ახალ ცენტრს ვქმნით. საკვანძო ადგილებზე დაყენებული იქნება ჭკვიანი შუქნიშნები, რომელიც საცობს დაინახავენ არა მარტო საბურთალოს ჭრილში, გაგარინის კვანძზე, არამედ, საბურთალოზე რაც ხდება, ის რა გავლენას ახდენს დიღომზე, რუსთაველზე, ორთაჭალაზე, სანაპიროზე „ლაგუნასთან“. მართვის ერთიანი ცენტრი ნიშნავს იმას, რომ პატრულმა ჯოხით კი არ უნდა არეგულიროს ვინ სად გაატაროს, არამედ, მართვის ცენტრში, სადაც შესაბამისი SOFT-ი იქნება, ნაკადები ავტომატურად გატარდებიან იმის მიხედვით, სხვაგან რა სიტუაცია ხვდება ამ ნაკადებს. თუმცა, საზოგადოებრივი ტრანსპორტს მუდმივად მწვანე შუქი და ხაზი უნდა ჰქონდეს, სადაც არავინ გადავა. ურთულესი და საკმაოდ ძვირიანი სისტემაა, თუმცა, ეს ერთ-ერთი გადარჩენაა იმისთვის, რომ ჰაერის დაბინძურება, ხმაური და საცობები შევამციროთ. ახლა ვიწყებთ სატრანსპორტო გენერალურ გეგმაზე მუშაობას, რაც სექტემბრიდან დაიწყება. აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება და დღე-დღეზე გვეყოლება გამარჯვებული საერთაშორისო კომპანია. ისინი დაგვიგეგმარებენ თუ სადმე ახალი ხიდი და ტრამვაის ხაზი გვჭირდება. ტრამვაი ძვირიანი პროექტია, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ, რომ რაღაც ძვირია, უნდა დავინახოთ ერთჯერადი სიძვირე გრძელვადიან პერსპექტივაში რამდენ სიკეთეს მოგვიტანს და რამდენ თანხას დაგვიზოგავს. ასევე, რკინიგზის ხაზის გაგრძელებაზე აქტიურად ვსაუბრობთ, როგორც რუსთავის, ასევე აეროპორტის მიმართულებით. აეროპორტის მიმართულებაზე გენერალური გეგმით გვაქვს პოტენციური Tbilisi Sity-ს მოწყობის საშუალება, შესაბამისად, ამ მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანია. გვრჩება ამ ეტაპისთვის ერთი მიმართულება, დიდი დიღმის, გლდანისა და მარჯვენა სანაპიროს დაკავშირება. წინასწარი გათვლებით 24-მეტრიანმა ავტობუსებმა და შესაბამისმა გზაგამყოფმა უნდა უშველოს დიდი დიღმის მოსახლეობის ქალაქში შეუფერხებლად შემოყვანას. თუმცა, განაშენიანების პერსპექტივა დიდი დიღმის მიმართულებით კვლავ დიდი რჩება, შესაბამისად, ტრამვაის დამატებაზე კვლევა ჩატარდება და წინასწარი მონაცემები გვექნება. თუ ეს აუცილებლობა გამოვლენილი გვექნება, ბუნებრივია ტრამვაის ხაზის მოწყობა დაიგეგმება.

- როდის გვექნება პასუხი ამ საკითხზე?

- სატრანსპორტო გენერალური გეგმა დაწყებიდან ერთ წელიწადში დამთავრდება. თუმცა, პირველადი მონაცემები 2020 წლის გაზაფხულზე გვექნება.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ იმ ყვითელ ავტობუსებზე, რომლებიც ჩანაცვლების შემდეგ ვერ გაივლიან ტექდათვალიერებას. რას უპირებთ ამ ტრანსპორტს?

- ავტობუსები, რომლებიც ვერ გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას, ან ისეთი ავტობუსები, რომლებიც ვიცით, რომ ხშირად ექვემდებარებიან შეკეთებას, რაც არახარჯთსარგებლიანია როგორც გარემოს დაცვის, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, ასეთი ავტობუსები, ბუნებრივია, ჩამოიწერება საერთოდ და მოხდება ჯართში ჩაბარება. ხოლო ავტობუსები, რომელთა სიცოცხლისუნარიანობა კიდევ ითვლის 5-6 წელიწადს, შემოწმების შედეგად, შესაძლებელია გადანაწილდეს. თუმცა, წინასწარი მონაცემებით, არსებულ ავტოპარკზე, ყვითელი „ბოგდანის“ ავტობუსებზე, დიდ იმედებს არ ვამყარებთ. პრაქტიკულად, უმრავლესობა ჩამოსაწერია.

- რაც შეეხება ყვითელ სამარშრუტო ტაქსებს. იგეგმება თუ არა მათი ხელშეკრულების გადახედვა?

- ბუნებრივია, ვფიქრობთ ამას და კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხზე. კომპანია ჩართულია „სისტრას“ კვლევებში და ხელშეკრულების გადახედვის და ცვლილებების გარეშე ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება. კომპანია ამიტომაც არის ჩართული ამ პროცესში. არსებულმა ყვითელმა ავტობუსებმა და სამარშრუტო ტაქსებმა თავისი სიცოცხლისუნარიანობა ამოწურეს.

თამთა კაკაურიძე

„ინტერპრესნიუსი“