ეკონომიკა მძინარე მდგომარეობაშია

”ქვეყნის ეკონომიკა არაფრით განსხვავდება იმისგან, როგორიც იყო სამი თვის წინ”

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის პარამეტრებსა და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი" საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსს, ეკონომიკური საკითხების ექსპერტს ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, როგორ შეაფასებდით ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ლარის კურსს? ოპონენტები ხელისუფლებას სავალუტო რეზერვების კლებას საყვედურობენ. ცხელი ზაფხული კია, მაგრამ იქნებ შევეცადოთ, გავუსინჯოთ პულსი ქართულ ეკონომიკას. . .

- ქვეყნის ეკონომიკა არაფრით განსხვავდება იმისგან, როგორიც იყო სამი თვის წინ. არც შემდგომ სამ თვეში არ მოხდება რაიმე ისეთი, რომ წინა სამი თვის მდგომარეობასთან მიმართებაში განსხვავებებზე მოგვიწიოს საუბარი. ქართული ეკონომიკის მდგომარეობის შესაფასებლად ცუდი დრო შეარჩიეთ. აგვისტო მსოფლიო ეკონომიკაში მკვდარი სეზონია. აგვისტოში განსაკუთრებული პრაქტიკულად არაფერი ხდება. განსხვავებას იმაში, რაც იყო ადრე და, რასაც ველოდებით შემოდგომაზე, მე პრაქტიკულად ვერაფერს ვხედავ. როგორც ვითარდებოდა ეკონომიკა ორი თვის წინ, ნელა, ლატენტურად, უახლოეს მომავალში ყოველგვარი დიდი ნახტომების გარეშე, ისევე გაგრძელდება ახლაც.

ვერ ვიტყოდი, რომ ეს კარგია. იმისთვის, რომ ჩვენ ეკონომიკა განვავითაროთ, უფრო რადიკალური ზომები უნდა მივიღოთ სწრაფი ნახტომის გასაკეთებლად. უკვე 20 წელია, ამგვარი ნახტომი ქართულ ეკონომიკაში არ ხდება. ლარის კურსის მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც იყო, ანუ საგანგაშო და მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისითაც არაფერი ხდება. რაც შეეხება დოლარის რეზერვების შემცირებას, აქაც საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. რეზერვები ხან იზრდება, ხან მცირდება. ის, რომ რეზერვები შემცირებულია, ესეც არაოფიციალური მონაცემებია.

მე მაქვს ყოველდღიური ინფორმაცია საქართველოს ბიუჯეტის მდგომარეობის შესახებ და უნდა ვთქვა, რომ აქაც საგანგაშო არაფერია. არავითარი კრიზისისკენ არ მივდივართ, მაგრამ სამწუხაროდ, არც სწრაფი განვითარებისკენ არ მივდივართ. მე ვიტყოდი ასეც - ჩვენი ეკონომიკა მძინარე მდგომარეობაშია.

- ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით რა მდგომარეობაა? აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის განცხადებით, ბოლო 10 წელიწადში აჭარაში 1, 4 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. მართალია, მას არ დაუზუსტებია, ახალი ხელისუფლების პერიოდში რამდენი დაემატა წინა ხელისუფლების პერიოდში აჭარაში ჩადებულ ინვესტიციებს, მაგრამ თქვენ თუ გაქვთ მონაცემები ქართულ ეკონომიკაში ინვესტიციებთან დაკავშირებით?

- რატომღაც, ჩვენ ყოველთვის ყურადღებას ვამახვილებთ უცხოურ ინვესტიციებზე, რაც სწორი არ არის. ინვესტიცია ინვესტიციაა, გინდ უცხოური იყოს, გინდ - ადგილობრივი. საერთოდ, ტერმინი ინვესტიცია, სხვადასხვა საქმეში კაპიტალურ დაბანდებას ნიშნავს. ნორმალური ეკონომიკური ენით ეს ნიშნავს კაპიტალურ ბაზარზე წასვლას და აქციების შეძენას. ინვესტორი არის ადამიანი, რომელიც იძენს აქციებს კაპიტალურ ბაზარზე. ჩვენთან კი ტერმინ "ინვესტიაში" გულისხმობენ ინვესტიციას ძირითად კაპიტალში. ამ სფეროშიც, დიდად სახარბიელოს ბევრს ვერაფერს ვხედავ.

მოგესხენებათ, შარშან შეიქმნა ეკონომიკური განვითარების 6 მილიარდიანი ფონდი. ერთი წელი გავიდა და დიდი პროექტების დაფინანსება არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით ანაკლიის პორტს, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური გაანგარიშებები მიდის, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი ქაღალდზეა. ეკონომიკაში რეალური ძვრები არ მომხდარა. რაც გაკეთდა, ეს გახლავთ სოფლის მეურნეობის რამდენიმე ათეული საწარმო. მეტი ჯერ არაფერი გაკეთებულა, თუ არ ჩავთვლით ისევ აჭარაში რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებას.

- თუ გაქვთ ინფორმაცია დაპირებული 100 ქარხნის აშენებასთან დაკავშირებით? მახსოვს, წინა ინტერვიუში თქვენ საუბრობდით ქვეყანაში არსებული რესურსების გამოყენებით თანამედროვე საწარმოების აშენების პერსპექტივებზე. . .

- ჩემი აზრით, ამ საქმეში ქვეყნის უკვე მერამდენე ადმინისტრაცია ტრაგიკულ შეცდომას უშვებს. ეს შეცდომა გამოიხატება იმაში, რომ სამწუხაროდ, ჩვენში სახელმწიფო მართვა და მენეჯმენტი გაიგივებულია. შესაძლოა, მენეჯმენტის თვალსაზრისით ზოგიერთი პროექტი მომგებიანი არ იყოს, მაგრამ სახელმწიფოს მართვის თვალსაზრისით მათი განვითარება აუცილებელია.

იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა ფეხზე დადგეს, აუცილებელია მწარმოებლური ეკონომკის ამუშავება, რომელიც ადგილობრივ რესურსებზე იქნება დაფუძნებული. თავის დროზე, საქართველო გამოირჩეოდა საფეიქრო მრეწველობით. თბილისის მაუდკომბინატი მთელ საბჭოთა ჯარს მატყლის საბნებით ამარაგებდა და წელიწადში 3 მილიონ საბანს აწარმობდა. ახლა იმ ქარხანაში თეატრია გახსნილი. ანალოგიური საწარმოები იყო გორში, ქუთაისში, ხაშურში. ყველაფერი გაჩერებულია.

ასევე გაჩერებულია აგურის ქარხნები. არადა, საქართველოში საბჭოთა პერიოდში აგურის 58 ქარხანა მუშაობდა. საქართველო გამოირჩეოდა ბენტონიტის თიხით, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო იყო. ახლა ლიცენზია გაცემულია ბერძნებზე. მათ, პრაქტიკულად მოკლეს ასკანის საბადო და პაროსის კუნძულზე თავის ბენტონიტებს ამუშავებენ. ეს გახლავთ არასწორი სახელმწიფო მართვის შედეგი. სახელმწიფო მართვა მანამდე განხორციელდება არასწორად, ვიდრე ეკონომიკის მართვის განხორციელება გარემოს დაცვის სამინტროს ფუნქცია იქნება. გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციაა გარემოს დაცვა და არა რესურსების მართვა. ამისთვის არსებობს ეკონომიკის სამინისტრო.

უნდა შეიქმნას გეოლოგიური სამსახური, შემუშავდეს საინვესტიციო, სამარკეტინგო პოლიტიკა. ჩვენს მინისტრებს მსოფლიოს საუკეთესო სამთო ფირმებთან კონტაქტიც კი არ აქვთ. ეს ყველაფერი არ გაკეთდება, თუკი არ იქნება შესაბამისი სახელმწიფო გადაწყვეტილებები და არ შემუშავდება სახელმწიფო მართვის შესაბამისი მექანიზმები. მეორე მხრივ, ეს უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს. მეწყერი, რომელიც ჩამოდის ხან დარიელის ხეობაში, ხან კიდევ რიკოთის უღელტეხილზე, ამას ყველაფერს მართვა და პროფესიული მიდგომები სჭირდება. ასეთ ვითარებაში, საერთოდ, ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ საქართველოში მწარმოებლური ეკონომიკა განვითარდება.

- დიდი ხმაური მოჰყვა 6000 დასახელების წამლის რეცეპტების გარეშე გაყიდვის აკრძალვასა და რეცეპტურის ახალ სისტემაზე გადასვლას. ასევე სასწრაფო გამოძახებაზე ახალი რეგულაციების შემოღებას. თქვენ როგორ აღიქვით ხელისუფლების ახალი ინიციატივები?

- მე სპეციალურად ჩამოვტვირთე იმ წამლების სია, რომელიც ურეცეპტოდ გაიყიდება. ძალიან დეტალურად გავაანალიზე. ეს არის დაახლოებით ის, რა რეგულაციებიც არის ევროპაში. ანტიბიოტიკებისა და ფსიქოტროპული პრეპარატების რეცეპტის გარეშე შეძენა ნამდვილად არ შეიძლება. ასეთი რეგულაციები ქვეყანაში აუცილებლად უნდა შემოსულიყო. შესაძლოა, ისინი ახლა ძალიან ხისტია. ასეთ ვითარებაში არსებობს ალბათობა, რომ შეიქმნება "შავი ბაზარი". დაახლოებით ისეთი, როცა საბჭოთა პერიოდში დეფიციტური წამლების შოვნა ებრაელებში რომ შეიძლებოდა.

მეორე მხრივ, ეს გამოიწვევს უზარმაზარ რიგებს ოჯახის ექიმთან. თავის ტკივილის წამლის შესაძენად მოგვიწევს ოჯახის ექიმთან რიგში ჩადგომა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის ექიმების საქმიანობა ძირითადად რეცეპტების გამოწერას დასჭირდება და არა - ადამიანების მკურნალობას.

გასაგებია, რომ ხელისუფლებას სურს ევროპული რეგულაციების შემოღება ამ სფეროში, მაგრამ აშკარაა, რომ ყველაფერი გათვლილი არ არის. მთავრობის ინიციატივები აუცილებლად დასახვეწია და ალბათ იგი ნელ-ნელა დაიხვეწება კიდეც. მთავარი გახლავთ ის, რომ ასე ხისტად წამლების აკძალვის შემოღება არასწორი იყო. თანდათანობით უნდა შემოსულიყო, ანუ ჯერ ანტიბიოტიკის შეძენა აეკრძალათ, შემდეგ - ფსიქოტროპული პრეპარატების და ასე შემდეგ, მთელი პროგრამა ერთ წელზე გაეწერათ.

- პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო ფინანსების გაფლანგვის შესახებ პროკურატურის მიერ ინფორმაციის გავრცელება და კიდევ ერთი ბრალის წაყენება ასევე ხმაურიანი მსჯელობის თემა გახლავთ. ამ საკითხს საკმაოდ ბევრი ასპექტი აქვს. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს და რამდენად დიდია ალბათობა, რომ საქართველოს პროკურატურა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებს?

- როგორც ჩანს, პროკურატურის მუშაობის კვალობაზე სააკაშვილს კიდევ არაერთ ბრალს წაუყენებენ. ჩემი აზრით, 9 წლის განმავლობაში მოხდა მიხეილ სააკაშვილის პიროვნების დეგრადაცია. ყველას გვახსოვს, რომ პირველად იგი საზღვარგარეთ ვიზიტისას, დავოსში ეკონომკლასით გაფრინდა. ყველა მგზავრთან ერთად გაირა რეგისტრაცია, შემდეგ საკუთარი თვითმფრინავები დასჭირდა. როგორც ჩანს, სააკაშვილი სახელმწიფო ბიუჯეტს განიხილავდა იმ ტომრად, სადაც მას შეეძლო ნებისმიერ დროს ხელის ჩაყოფა და აბსოლუტურად განუკითხავად ფინანსების ხარჯვა.

ღიმილის მომგვრელია სააკაშვილის მტკიცება, რომ კორუმპირებული არ არის და კაპიკი ფული არ აქვს. იგი, პრაქტუკულად არსად არ მუშაობს და საინტერესოა, რა ფულით ცხოვრობს უცხოეთში თითქმის ერთი წელი? მთელი ჩემი ცხოვრება საკმაოდ მაღალი ხელფასი მქონდა და საზღვარგარეთ რომ წავიდე, ერთ კვირაზე მეტს ჩემი ფინანსები არ მეყოფა. ისეთი პირი უჩანს, რომ ეს პროცესები ძალიან დიდხანს და მრავალი წელი გაგრძელდება და მას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ მისი ხაზინადარი იყო კეზერაშვილი. ყველამ იცის, რომ იგი ღარიბი ადამიანი იყო, მაგრამ ერთ წელიწადში მილიარდერი გახდა. რაც კეზერაშვილის ანგარიშზეა, მარტო მისი რომ არ არის, მგონი არავის ეჭვი არ ეპარება. აბსოლუტურად ლოგიკურია კითხვა - საიდან გაუჩნდა კეზერაშვილს ანგარიშზე მილიარდები? როგორ ცხოვრობენ საქართველოდან გაქცეული წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები საზღავრგარეთ. ჩემი აზრით, ხელისუფლება ადრე თუ გვიან წავა სააკაშვილის საერთაშორისო ძებნაში მიცემაზე, მაგრამ რასაკვირველია, დღეს არა.

- პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, სააკაშვილის ხარჯებზე გრიფით "საიდუმლოს" მოხსნის თემაზე, არ დარჩენილა ყურადღების მიღმა. საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკად ყალიბდება და შესაბამისად, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯები თავისთავად ლოგიკურად გამოიყურება. გასაგებია, რომ უპირატესობა პრემიერს ენიჭება. თქვენი აზრით, ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის პრეზიდენტსა და პრემიერს შორის საჯარო სივრცეში ამგვარი დაპირისპირება რამდენად შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი? ფაქტია, რომ ორივე მხარემ ერთმანეთსაც და საზოგადოებასაც მეტი პატივი უნდა სცეს და იმდენი კი უნდა მოახერხონ, რომ თუ რამეზე კონსტრუქციული თანამშრომლობა არ გამოსდით, საჯაროდ არ იკინკლაონ. . .

- საქართევლო არ არის საპარლემენტო რესპუბლიკა. საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს. ჩვენთან პრეზიდენტის არჩევა მოხდა პირდაპირი კენჭისყრით და მას გაცილებით მეტი ლეგიტიმაცია აქვს, ვიდრე საპარლამენტო რესპუბლიკაში, შესაბამისად, უფრო მაღალი პასუხიმგებლობაც. მაგალითად, მას ჰყავს უშიშროების საბჭო და არის მთავარსარდალი. მას შეუძლია, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და თავის თავზე აიღოს პასუხიმგებლობა. რაც ახლა ჩვენთან არის, რა თქმა უნდა, საპარლამენტო რესპუბლიკა არ არის, მაგრამ არც საპრეზიდენტო რესპუბლიკაა.

როგორც ყოველთვის, ჩვენ შევქმენით საქართველსოთვის გაუგებარი კონგლომერატი. რისი მომსწრეც ჩვენ ვართ, ამას ინფანტელურ კინკლაობას დავარქმევდი. რაც ხდება, იმიტომაც ხდება, რომ ფუნქციები სწორად დალაგებული არ არის. ახლანდელ კონსტიტუციაში ძალიან ბევრი რამ გაუგებარია. არ ვიცი, ჩვენ საქართველოში რატომ ვიგონებთ ახალ მოდელს, როცა არსებობს წლების განმავლობაში აპრობირებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო რესპუბლიკების მოდელები. ან ერთი მოდელი უნდა ავიღოთ ან - მეორე. თუ საპარლამენტოს ავიღებთ, იმდენი უნდა მოვახერხოთ, რომ არაწინააღმდეგობრივი კონსტიტუცია გვქონდეს.

1995 წლის კონსტიტუცია იყო ძალიან კარგი, რომელიც 1992-1995 წლებში შემუშავდა. შემდეგ მოხდა მასში ძალიან ბევრი შესწორებების შეტანა. ეს იმისთვის მოხდა, რომ მიხეილ სააკაშვილს თავი უფრო კონფორტულად ეგრძნო. ბოლო შესწორებები მომდინარეობდა იქედან, რომ სააკაშვილს აღარ შეეძლო პრეზიდენტობა და ამის გამო მოუნდა პრემიერ-მინისტრობა. ამას კი კონსტიტუციის ცვლილების გარეშე ვერ გააკეთებდა. ახალი კონსტიტუცია ძალაში ახალი პრეზიდენტის არჩევის მეორე დღიდანვე შევიდა. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, შექმნილ ვითარებაში შევქმნიდი ახალ საკონსტიტუციო კომისიას, რომლის მუშაობაში აქტიურად იქნებოდა ჩართული ფართო საზოგადოება. შემდეგ ამ კონსტიტუციას გავიტანდი რეფერენდუმზე, რომ კონსტიტუციაში წარამარა შესწორებების შეტანა შეუძლებელი იყოს. აშშ-ის კონსტიტუციაში სულ 52 შესწორება აქვთ შეტანილი 230 წლის განმავლობაში, ჩვენ კი 1000-ზე მეტი.

ყველაზე სახიფათო კი ის გახლავთ, რომ კონსტიტუციონალისტები ამა ქვეყნისა ძლიერთა დაკვეთას ასრულებდნენ და მათ კრიტიკულ ვითარებაში არ ჰქონიათ პრინციპული პოზიცია. საკონსტიტუციო საკითხებზე საჩივრის განხილვა შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც წინა ხელისუფლების მიერაა დაკომპლექტებული.

ჩვენ სახელმწიფოს მართვაში მართლაც გვაქვს პრობლემები. ის, რაც მოხდა, მე უფრო კინკლაობას დავარქმევდი. სჯობდა, მათ უთანხმოებები არ გამოეტანათ სააშკარაოზე. უბრალოდ, ამგვარი კინკლაობის მოსმენა სირცხვილიც კია.

კობა ბენდელიანი

"ინტერპრესნიუსი"