„რუსეთის მხრიდან ემბარგო რომ დაწესებულიყო, ზარალი მიაღწევდა 4 მილიარდ ლარს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვიტრების მინისტრმა ნათია თურნავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის გამოწვევად ტურისტული სექტორი რჩება, რადგან რუსეთიდან ფრენები ჯერ კიდევ შეწყვეტილია: „750 მლნ დოლარი, ანუ 2 მილიარდ ლარზე მეტი შემოსავალი უნდა მიგვეღო რუსი ტურისტებისაგან“.
„რაც შეეხება ფულად გზავნილებს, შარშან გადმოირიცხა 600 მილიონი დოლარი და დაახლოებით იგივე დონეს თუ ველოდებოდით წელს, ზარალი აქაც სერიოზული იქნებოდა. ღვინის და მინერალური წყლების ექსპორტი რუსეთში აღემატება 300 მილიონ დოლარს წლიურად. ამ წუთას გამოწვევა რჩება ტურისტული სექტორი, იმიტომ რომ ფრენები არის შეწყვეტილი და ჩვენ ჯერაც არ ვიცით საბოლოო ჯამში, როგორ აისახება ეს ტურისტული ნაკადების შემცირებაზე“, - განაცხადა თურნავამ.
ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი