რუსეთმა შესაძლოა, ევროკავშირიდან და ამერიკიდან სამრეწველო პროდუქციის შეტანაც აკრძალოს

ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა შესაძლოა, ქვეყნის ტერიტორიაზე ევროკავშირიდან და ამერიკიდან სამრეწველო პროდუქციის შეტანაც აკრძალოს.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა "ვედომოსტი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთი ასეთ შეზღუდვებს იმ შემთხვევაში დააწესებს, თუ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს.

"ვედომოსტის" წყაროს ცნობით, მთავრობამ რუსეთის პრეზიდენტს უკვე მიმართა წინადადებით, სრულად ან თითქმის სრულად აიკრძალოს ავტომობილების იმპორტი "არამეგობარი" ქვეყნებიდან.

7 აგვისტოს რუსეთმა აშშ-დან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან და ნოვერგიიდან ღორისა და საქონლის, ასევე ფრინველის ხორცის, ხილის, ბოსტნეულის, ყველისა და რძის პროდუქტების შეტანა აკრძალა. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა იმავე დღეს განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, მომავალში კიდევ სხვა დამატებითი საპასუხო სანქციები დააწესოს. კერძოდ, აკრძალვა დაუწესოს ევროპულ და ამერიკულ ავიხაზებს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში რუსეთის გავლით ტრანზიტზე.