თბილისში ელექტროველოსიპედების და სკუტერების გაქირავების სერვისის გამოჩენას თბილისის მერია ეხმაურება.
როგორც “ინტერპრესნიუსს” დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, მათ აღნიშნული ტრანსპორტის განთავსების უფლება არ გაუციათ და ამ ეტაპზე კანონმდებლობა ელექტროსკუტერებთან მიმართებით შემუშავების პროცესშია.
თბილისის მერიის განმარტებით, უახლოეს მომავალში დედაქალაქის მუნიციპალიტეტი გეგმავს, როგორც ელექტროველოსიპედებისთვის, ისე სკუტერებისთვის სპეციალური ინფრასტრუქტურის მოწყობას და საპარკინგე ადგილების გამოყოფას.
შესაბამის დადგენილებაში ცვლილებები, მათივე მტკიცებით, უკვე მომზადებულია და საკრებულო დღე-დღეზე დაამტკიცებს.
„ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ფეხით გადაადგილებას და ალტენატიული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას გადაადგილებსთვის. ძალიან მალე გამოიყოფა ლოკაციები, სადაც შესაძლებელი იქნება ე.წ. ელექტროველოსიპედების და ელექტროსკუტერების (ე.წ. სამაკატკების) განთავსება. ადამიანებს აპლიკაციის საშუალებით შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ ეს ტრანსპორტი. ჩვენი მიზანი ასევე არის, არ მოხდეს ამ ტრანსპორტის ქაოტურად განლაგება ქუჩებში. შესაბამისად, ცვლილებები უკვე მომზადებულია დადგენილებაში, რომელსაც საკრებულო დღე-დღეზე დაამტკიცებს. მხოლოდ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით გამოიყოფა პირველადი პარკირების ადგილები. კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღნიშნული გადასაადგილებელი საშუალებების მიწოდებას, ვალდებული იქნებიან დღის განმავლობაში მოიძიონ ქალაქში გაფანტული ელექტროველოსიპედები და სკუტერები და განათავსონ მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ საპარკინგე ადგილებზე“, - აცხადებს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში გავრცელდა თბილისის ქუჩაში განთავსებული ელექტროსკუტერების ამსახველი ფოტოები, რომელთა გამოყენებაც აპლიკაციითაა შესაძლებელი. „ფეისბუქ“ მომხმარებლები წერენ, რომ აპლიკაცია და ინსტრუქცია რუსულენოვანია.