ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიარტოს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ბათუმში 10 – 11 ივლისს მიმდინარეობდა.
შეხვედრაზე მხარებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. აღნიშნა, რომ პოტენციალი როგორც ორმხრივი ვაჭრობის, ასევე ეკონომიკის სხვა სექტორების მიმართულებით დიდია და ამ მიმართულებით უფრო აქტიური ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოს, უკრაინის, ბელარუსის, მოლდოვას, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაციები, აგრეთვე ევროკომისიის, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, ბიზნეს - გაერთიანებები და სხვ. სულ ფორუმში 400-ზე მეტმა პირმა მიიღო მონაწილეობა.