135 წლიანი ისტორიის, ყველასთვის პატივსაცემ და საყვარელ ანსამბლსა და უდიდეს და მსოფლიოში აღიარებულ კომპანია „სამსუნგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი „სამსუნგ ელექტრონიქსის“ მხრიდან, საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის აღებას ისახავს მიზნად.
„სამსუნგ ელექტრონიქსის კავკასიის კომპანიის“ დირექტორმა ჯეისონ ლიმ ქართული კულტურის მიმართ დიდი სიმპათია და მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პატივსაცემი და აღიარებულია, ამიტომ მოხარულია, მის მხარდაჭერაში „სამსუნგს“ საკუთარი წვლილი რომ შეაქვს.
„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო დღეს აქ, როგორც „სამსუნგის“ წარმომადგენელი და ხელი მოვაწერო მემორანდუმს. „სამსუნგი“ ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან არის წარმოდგენილი და ამ წლების განმავლობაში, ქართველი მომხმარებლისგან დიდ სიყვარულს იღებს. ამ პროექტით კი გვინდა ეს სიყვარული ჩვენც უკან დავაბრუნოთ ინვესტიციის სახით, რომელიც ქართული კულტურისა და ტრადიციების მხარდაჭერაში ჩაიდება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ქართული კულტურა ძალიან მდიდარია და დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი მემორანდუმის შემდეგ მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყება „სამსუნგს“, საქართველოსა და ქართულ კულტურას შორის“, - აღნიშნა ჯეისონ ლიმ.
მემორანდუმის ფარგლებში „სამსუნგი“ ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს ანსამბლს და სრულად განაახლებს „ერისიონის“ სასცენო კოსტიუმებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციასა და მრავალწლიან ისტორიას გადმოგვცემს. ამასთან, განახლდება „ერისიონის“ სარეპეტიცო ფორმებიც. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. 2019 წლის ბოლოს კი, „სამსუნგისა“ და „ერისიონის“ ერთობლივი ორგანიზებით, გრანდიოზული გალა კონცერტი ჩატარდება.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა აღნიშნა, რომ „სამსუნგმა“ ქართული კულტურის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ის მოხარული იქნება, თუ მსგავს პათოსს, ზოგადად, კერძო სექტორიც გაიზიარებს.
„უდაოდ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა მოხდა. ეს არის საუკუნეზე მეტი ისტორიის ანსამბლისთვის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აღიარება. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს ანსამბლის კეთილდღეობაზე, კერძო სექტორიც საკუთარ ხელში იღებს ინიციატივას და ცდილობს თავისი კონტრიბუცია მოახდინოს. ამ მხრივ, „სამსუნგის“ ძალიან მადლიერები ვართ. კომპანიამ ეს პასუხისმგებლობა გაიზიარა და შესაბამისად, ანსამბლს უკვე ძალიან მალე ექნება სრულიად განახლებული კოსტუმები, როგორც სასცენო, ისე სარეპეტიციო.
ეს არ არის მხოლოდ დახმარება, ეს არის ინვესტიცია, რომელიც როგორც ანსამბლის, ისე კომპანიის შემდგომი აღიარების წინაპირობაც იქნება. რაც ყველაზე მთავარია, ეს არის გზავნილი მთლიანად კერძო სექტორისთვის, რომ ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რათა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან კულტურულ ინსტიტუციებს და ზოგადად, კულტურას ხელი შევუწყოთ“, - განაცხადა ლევან ხარატიშვილმა.
„სამსუნგის“ მიმართ მადლიერება გამოთქვა ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმანდი ჭკუასელმა. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ანსამბლ „ერისიონის“ წევრებმა ქართული ხალხური სიმღერა „მრავალჟამიერი“ შეასრულეს, რამაც დამსწრე აუდიტორიაზე ემოციური შთაბეჭდილება დატოვა.
„ისეთი გლობალური და ცნობილი ბრენდის მხარდაჭერა, როგორიც „სამსუნგია“, ძალიან სასიხარულოა არამარტო „ერისიონისთვის“, არამედ საერთოდ, ქართული კულტურისა და ხელოვნებისთვის. ამ წელიწადს მოხდება ჩვენი კოსტუმების განახლება. ანსამბლის ასობით კოსტუმი გვაქვს, რომლის განახლება ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ეს ყველაფერი თავიდან შეიკერება.
ჩვენი კოსტუმების დიზაინი შექმნილია დიდი ქართველი მოქანდაკის, ფერმწერისა და გრაფიკოსის მერაბ ბერძენიშვილის მიერ და საქართველოსთვის და მისი ისტორიისთვის ძალიან ღირებულია, ამიტომ ეს სახე აუცილებლად შენარჩუნდება“, - აღნიშნა შერმანდი ჭკუასელმა.
საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ 1885 წელს შეიქმნა. 135 წლის მანძილზე ანსამბლმა მიაღწია უამრავ წარმატებას და თავისი არსებობის განმავლობაში განაცვიფრა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და ქალაქი. 2002 წელს პარიზში „ერისიონს“ გადაეცა ოქროს დისკი. მსოფლიოს რამდენიმე მუსიკალურ შედევრთან ერთად NASA-ს მიერ 1977 წელს კოსმოსში გაგზავნილი „ჩაკრულო“ სწორედ „ერისიონის“ წევრების მიერ არის შესრულებული.
135-წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლს ქართველმა ხალხმა დამსახურებული ღვაწლისთვის 2010 წელს საქართველოში ვარსკვლავი გაუხსნა.
„სამსუნგ ელექტრონიქსი“ საქართველოს ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს და მისი მთავარი ღირებულება მომხმარებლის კეთილდღეობაა; „სამსუნგი“, როგორც გლობალური კომპანია, თავისი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობით ასრულებს სოციალურ ვალდებულებებს: უზრუნველყოფს ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდებას ქართველი მომხარებლებისათვის; ქმნის სარგებელს ეკონომიკის, საზოგადოებისა და გარემოსათვის. ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში კომპანია „სამსუნგი“ ქართველი ხალხისა და მომავალი თაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულების - კულტურის მხარდაჭერას გამოხატავს.
(R)