საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრი დავით წიკლაური აცხადებს, რომ კანონით სამი პორტფელია გათვალისწინებული: დაბალრისკიანი, საშუალო და მაღალი.
მისივე თქმით, ასევე, დადგენილია გარკვეული ზღვრები, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს საპენსიო თანხების ინვესტიციისას. კანონის თანახმად, პირველი ხუთი წელი საინვესტიციო თანხების უმეტესობა დაბალრისკიან პორტფელში უნდა განთავსდეს. საინვესტიციო საბჭოს ერთადერთი ქართველი წევრი ამბობს, რომ ამ დროისათვის საბჭო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაზე მუშაობს, სადაც ზუსტად იქნება გაწერილი კანონის შეზღუდვებზე დაფუძნებული კონკრეტული პროცედურები და ლიმიტები, იგულისხმება რეიტინგის ლიმიტები, რისკის ლიმიტები, და ა.შ.
„საქართველოს ბაზარზე, ქართული კომპანიების და მათ შორის მთავრობის მიერ გამოშვებული 10 მილიარდი ლარის ფასიანი ქაღალდია. ეს მოიცავს როგორც დოლარში, ასევე ლარში ემიტირებულ ქაღალდს. ამ ათი მილიარდიდან დაახლოებით სამი მილიარდია სახაზინო ვალდებულებები. რა თქმა უნდა, არის სხვა ქაღალდიც, მაგ. ბანკების მიერ ემიტირებული ქაღალდი, არის ქართული კომპანიების მიერ ემიტირებული ფასიანი ქაღალდი და არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ემიტირებული ლარში დენომინირებული ბონდებიც. იმის გათვალისწინებით, რომ წლის ბოლოსკენ საპენსიო ფონდში დაახლოებით 600-700 მილიონი ლარის აკუმულირება მოხდება, ვფიქრობ მისი განთავსება სავსებით შესაძლებელია არსებულ ობლიგაციებში. რაც შეეხება ბაზარს - 10 მილიარდი ლარი უკვე არსებული ბაზარია და ეს არსებული ბაზარიც იზრდება, ბაზრის თითოეული კომპონენტიც იზრდება“, - განმარტავს დავით წიკლაური.
წიკლაური ამბობს, რომ საინვესტიციო თანხებს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი განკარგავს, მისი მთავარი ამოცანა კი მაქსიმალური რეალური ამონაგების მიღება იქნება დადგენილი რისკის ჩარჩოებში.
„თუ შევხედავთ საბაზრო განაკვეთებს, დაბალ რისკიან ქაღალდშიც საკმაოდ მაღალი რეალური განაკვეთებია. მარტივად რომ ვთქვათ, ორწლიანი სადეპოზიტო სერთიფიკატი დაახლოებით 8.5-დან 10 პროცენტამდე მერყეობს, მაშინ როცა ინფლაციის დონე არის 3 პროცენტის ფარგლებში“, - განაცხადა წიკლაურმა.
საინვესტიციო საბჭოს წევრი კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე საუბრობს და განმარტავს, რომ კაპიტალის ბაზარს სჭირდება მეტი საცალო თუ ინსტიტუციონალური ინვესტორი.