ქართული ჩირის მწარმოებელი კომპანია „ქარელის ხილი“ Spend your summer in GEORGIA / გაატარე ზაფხული საქართველოში კამპანიაში ჩაერთო. უკვე რამდენიმე დღეა კომპანიის მიერ წარმოებულ „ჩიკორს“ თბილისის აეროპორტში უცხოელ ვიზიტორებს საჩუქრად აძლევენ. „გვსურდა, რომ უცხოელებისთვის საქართველოში ჩამოსვლის პირველივე წუთები დადებით და დასამახსოვრებელ ემოციებად გვექცია და ჩვენი წვლილი შეგვეტანა ქვეყნის პრომოუშენის საქმეში. ეს იყო ჩვენი მიზანი. ასევე, მადლობა გვინდა ვუთხრათ იმ ადამიანთა ჯგუფს, რომლებმაც ეს ძალიან მაგარი კამპანია წამოიწყეს“, - განაცხადა „ქარელის ხილის“ დირექტორმა ვატო დემურიშვილმა.
ქარელის აგროინდუსტრიული საწარმო „ქარელის ხილი", რომელიც პროდუქციას „ჩიკორის" ბრენდით აწარმოებს, 2016 წელს გაიხსნა. უკვე 2017 წელს კი წარმოებული პროდუქცია ჯერ ადგილობრივ ბაზარზე გამოჩნდა, შემდგომ კი ექსპორტზე გავიდა. ამჯერად „ჩიკორი“ ჩეხეთში, ლიეტუვასა და ჰონგკონგში იყიდება.
კომპანია ქარხანას ქარელის რაიონში, მდინარე ძამას ხეობის ეკოლოგიურად სუფთა მიდამოებში ფლობს. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია 100% ნატურალურ და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისაგან ჩირების დამზადება. საწარმოს მიერ გამოყენებული ნედლეული მოყვანილია ქარელის, გორის და ბაღდათის რაიონებში. კომპანია წარმოებისას იყენებს HACCP-ის, ISO-ს, USAID/REAP-ის სტანდარტებს.
ამ ეტაპზე „ჩიკორის“ ბრენდით ბაზარზე 12 სახეობის ჩირი იყიდება, 4 სახეობის ჩირი კი შოკოლადში ამოვლებული სახით. „ქარელის ხილის“ მიერ შემოთავაზებულ პროდუქციებს შორის არის - ქლიავის ჩირი, ქლიავის ჩირი შოკოლადში, გარგრის ჩირი შოკოლადში, ხურმი ჩირი, ხურმის და ატმის მიქსი, ნესვის ჩირი, საზამთროს ჩირი და ა.შ. სწორედ ეს უკანასკნელი, საზამთროს ჩირი გადასცეს თავდაპირველად უცხოელ ვიზიტორებს აეროპორტში.
„როდესაც კამპანია #spendyoursummeringeorgia დაიწყო, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მასში რაღაც დონით ჩვენც მიგვეღო მონაწილეობა, თუნდაც სიმბოლურად. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ აეროპორტში ჩამოსული უცხოელი ვიზიტორებისთვის დაგვეხვედრებინა ჩვენს მიერ წარმოებული ჩირი. ვფიქრობთ, რომ ტურისტისთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მას საჩუქარს სასაზღვრო ზონაში აძლევენ.
თავდაპირველად არჩევანი საზამთროს ჩირზე გავაკეთეთ, რადგან ის ძალიან ეგზოტიკურია და კარგი გემური თვისებები აქვს. შემდეგ ეტაპობრივად შეცვლით პროდუქციას. ზოგადად ამ კამპანიის მხარდამჭერები ვართ და ვეცდებით, რომ სულ ახალი იდეებით შევუერთდეთ“, - განაცხადა ვატო დემურიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კამპანია - Spend your summer in GEORGIA / გაატარე ზაფხული საქართველოში წამოწყების მიზეზი, რუსეთის პრეზიდენტის მიერ 21 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომელიც 8 ივლისიდან რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვას ითვალისწინებდა. „ფეისბუქზე“ შექმნილი გვერდის Spend your summer in GEORGIA-ს საშუალებით, ქართველები უცხოელებს საკუთარ აგარაკებსა და სახლებში, რამდენიმედღიან, უფასო დასვენებას სთავაზობენ, სანაცვლოდ კი მხოლოდ ორ რამეს ითხოვენ: სოციალურ ქსელში დაწერონ, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რაც მთავარია, მეგობრებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდონ. ჯგუფს უკვე 260 ათასზე მეტი წევრი ჰყავს.
2019 წლიდან „ქარელის ხილის“ წილობრივი პარტნიორი „სინერჯი კაპიტალი“ გახდა და მისი მხარდაჭერით კომპანია მასშტაბის მნიშვნელოვნად გაზრდას და განვითარებას გეგმავს.
„სინერჯი კაპიტალი“ სააქციო საზოგადოებაა, რომელიც „ სინერჯი ჯგუფის“ ინიციატივით შეიქმნა. ორგანიზაცია ეძებს ზრდის განსაკუთრებული პოტენციალის მქონე კომპანიებს და კაპიტალში შესვლითა და საბრუნავ საშუალებებში ინვესტირებით, ასევე მართვის სისტემების მოწესრიგებით ეხმარება მათ ღირებულების გაზრდაში.