სამწუხაროდ ეს არის ის ქეისი, სადაც ბიზნესომბუდსმენის ოფისს არანაირი შედეგი არა აქვს. ძალაში უცვლელად რჩება ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა „ოქროს სიის“ გაუქმებასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.
ბიზნესომბუდსმენს იმედი აქვს, რომ ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ისეთი ნაბიჯები იქნება გადადგმული, რომელიც დააბალანსებს იმ გადაწყვეტილებას, რაც „ოქროს სიის“ გაუქმებას უკავშირდება.
„არის დაპირება და თანამშრომლობის სურვილი ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, რომ მომავალში იქნება გადადგმული ისეთი ნაბიჯები, რომელიც მხარს დაუჭერს ისეთი ტიპის კომპანიებს, რომლებიც ძალიან კორექტულად და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ყველა იმ საკითხს, რაც განაპირობებს მთლიანობაში მათ კარგ რეპუტაციას. ამიტომ ამ ეტაპზე ეს სამუშაო საკითხებია და ვფიქრობთ, რომ ნაბიჯები იქნება ისეთი, რომელიც დააბალანსებს იმ გადაწყვეტილებას, რაც უკავშირდება „ოქროს სიის“ გაუქმებას“, -განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ცნობისთვის, 12 ივლისიდან ამოქმედდა საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის მიერ 31 მაისს ხელმოწერილი ბრძანება №162, რომლის თანახმად, კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა და ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს.
უფრო კონკრეტულად, ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა) და წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა).
ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი