„ბანკებსა და მისო-ებს შორის კონკურენციის საკითხი უნდა დარეგულირდეს და ის ასიმეტრია, რასაც რეგულაცია ქმნის, უნდა აღმოიფხვრას“

საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა ყოველთვიურად მცირდება. ბოლო მონაცემებით ბაზარზე 56 მისო ოპერირებს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16 ერთეულით ნაკლებია, რაც ბაზრის მოთამაშეების შეშფოთებას იწვევს. როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, აუცილებელია, რომ ეროვნული ბანკმა იზრუნოს დაბალანსებულ ფინანსურ სექტორზე, სადაც იქნებიან, როგორც ძლიერი ბანკები, ისე არასაბანკო დაწესებულებები.

„ვფიქრობ, მისახედია ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის კონკურენციის საკითხი და ის ასიმეტრია, რასაც რეგულაცია ქმნის, უნდა აღმოიფხვრას აუცილებლად. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ დასანანი იქნება ასეთი კარგი და საჭირო სექტორის დაკარგვა, რადგან ჩვენს ქვეყანას დღეს სჭირდება ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, რომელიც მუშაობს ყველასთვის მათ შორის დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისათვის. თუ ეს ადამიანები, რომლებსაც ძირითადად მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ემსახურება, არ იქნებიან მონაწილეები, ვფიქრობ მივიღებთ არა მარტო ეკონომიკურ, არამედ სოციალურ პრობლემებსაც. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეროვნული ბანკის, საქართვლოს პარლამენტის და მთავრობის სწორი პოლიტიკით შევძლებთ, რომ გავათანაბროთ კონკურენტული გარემო.

მისო-ების შემცირება რეგულაციების ამოქმედების შემდეგ მოსალოდნელი იყო, მაგრამ, იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი არ გაღრმავდება და ბოლოს შედეგად განადგურებულ ფინანსურ სექტორს არ მივიღებთ.

ვფიქრობ, ეროვნულ ბანკს მართებს აქტიური ჩარევა, რომ ის რეფორმები, რომელიც მან წამოიწყო ბოლომდე მივიდეს. ის გარკვეული ტექნიკური საკითხები, რომელიც დარჩა მოსაგვერებელი, დროულად მოგვარდეს, რომ ჩვენ შეგვრჩეს დაბალანსებული ფინანსური სექტორი, სადაც იქნებიან, როგორც ძლიერი ბანკები, ასევე არასაბანკო დაწესებულებები“, - განაცხადა არჩილ ბაკურაძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიცხვი თითქმის ყოველთვიურად მცირდება, რაზეც ეროვნული ბანკის სტატისტიკაც მეტყველებს. როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, თებერვლის მონაცემებით - 63 მისო; მარტ-აპრილში - 61; მაისში კი 58 მისო ფუნქციონირებდა; ხოლო 29 ივნისის მდგომარეობით ქვეყანაში 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. გასული წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოში სულ 72 მისო იყო რეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ წლიურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რაოდენობა უკვე 16 ერთეულით არის შემცირებული.

ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი