რამდენმა ადამიანმა ისარგებლა 20%-იანი ფასდაკლებით თბილისში დაფიქსირებულ ვიდეოჯარიმებზე

მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში თბილისში დაფიქსირებული ვიდეოჯარიმებიდან 44.7%-ის შემთხვევაში მძღოლებმა ფასდაკლებით ისარგებლეს.

საუბარია 20%-იან ფასდაკლებაზე, რომლითაც მოქალაქე იმ შემთხვევაში ისარგებლებს, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის ჯარიმას.

რაც შეეხება 1-ლი კვარტლის სტატისტიკას, შს სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში დედაქალაქში ჯამში, 280 475 ვიდეოჯარიმა დაიფიქსირდა. აქედან, 125 395 შემთხვევაში მოქალაქეებმა 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლეს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი. „ჭკვიანი კამერები“ დამრღვევ მძღოლებს აჯარიმებენ მათ შორის: შუქნიშნის წითელ ფერზე გავლის, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთის, სიჩქარის გადაჭარბებისა და სხვა მიზეზების გამო.

თაია არდოტელი