კომპანიამ Google აღიარა, რომ მის თანამშრომლებს ნებას რთავს ხმოვან ასისტენტ Google Assistant-თან მომხმარებელთა საუბრებს მოუსმინონ.
კომპანიამ აღნიშნულის შესახებ განმარტება მას შემდეგ გააკეთა, რაც ბელგიურმა მაუწყებელმა VRT NWS-მა გამოაცხადა, რომ ათასობით მსგავს ჩანაწერთან აქვს წვდომა, რომელსაც Google ინახავს და მათში კონფიდენციალური ინფორმაციაც აღმოაჩინა.
VRT NWS-ის ცნობით, ეს ჩანაწერები მიეწოდებათ სპეციალისტებს, რომლებიც Google-ში კონტრაქტით არიან დასაქმებულები. ისინი ამ ჩანაწერების ანალიზს ახდენენ და მას სისტემის ოპტიმიზებისთვის იყენებენ. ექსპერიმენტისთვის ჟურნალისტებმა თავად მომხმარებელს მოასმენინეს საკუთარი საუბარი, რომელიც გაოგნებული დარჩა, როცა საკუთარი ხმა ამოიცნო. თავად VRT NWS-ს კი ჩანაწერებთან წვდომა Google-ის თანამშრომელმა მისცა.
კომპანია Google აღნიშნულს ბლოგში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომპანია მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც მუშაობს სხვადასხვა ენებთან, დიალექტებთან და აქცენტებთან. იმისთვის, რომ მათ უკეთესად ამოიცნონ მომხმარებელთა საუბარი, კომპანიამ ლინგვისტები დაიქირავა, რომელთაც ანალიზისთვის ამ აუდიოჩანაწერების მცირე მასას აძლევს, რომელიც როგორც კომპანია აცხადებს, არქივის საერთო მოცულობის მხოლოდ 0,2%-ია. ჩანაწერებს ისინი ანონიმური სახით იღებენ და სთხოვენ, რომ არ გაითვალსწინონ ასისტენტისა და მომხმარებლის საუბრის შინაარსი.
„ისინი ვალდებულნი არიან მიღებული ინფორმაცია არ გაახმაურონ. კომპანიაში მხოლოდ ახლა გაიგეს რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა ეს პირობა დაარღვია და დაუშვა ერთ-ერთი ჩანაწერის გაჟონვა. კომპანია მიიღებს შესაბამის ზომებს“ - აცხადებენ Google-ში.