„ზარალი, რომელიც საქართველოს რუსული პოლიტიკის გამო დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე მიადგა, დაახლოებით 400 მილიარდი დოლარის ფარგლებშია“. ამის შესახებ სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა როგორც თავად აღნიშნა, ქართველების პატივისცემის გამო, დუმის მიერ მხარდაჭერილ სანქციებს ჯერჯერობით უარი უთხრა. საუბარია, საქართველოდან რუსეთში ღვინის, მინერალური წყლების იმპორტის შეზღუდვასა და რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებაზე. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ზარალი, რომელიც საქართველოს რუსეთის მიერ ეკონომიკური სანქციების დაწესების შემთხვევაში შეიძლებოდა მიეღო, 4 მილიარდ ლარს გადააჭარბებდა და ამას თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე იგრძნობდა.
„ციფრი ციფრია, მაგრამ რომ წარმოვიდგინოთ, საქართველოს ეკონომიკა წუთში 27 ათას დოლარზე მეტს კარგავს; ანუ ჩვენ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო, რომელიც ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ვლინდება, ვერ ვაწარმოებთ წუთში 27 ათას დოლარის ღირებულების პროდუქტს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური ვარდნა გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ნებისმიერ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში. არადა, ვერავინ იტყვის, რომ ქართველებს სხვებზე ნაკლებად აქვთ ბიზნესის წარმოების უნარი. პირიქით, მთელი საბჭოთა კავშირი რომ დემონსტრაციებზე დადიოდა და ხოტბა-დიდებას ასხამდა კომუნიზმს, საქართველოში იატაკქვეშა წარმოება, ე.წ. ცეხავიკობა, საკმაოდ განვითარებული იყო. მიუხედავად ამისა, როცა საბაზრო ეკონომიკა ოფიციალურად გამოცხადდა, საქართველოს უმთავრესი ეკონომიკური მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა. ეს სწორედ რუსეთის პოლიტიკის შედეგია.
დღეს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ეკონომიკური განვითარების დონით ჯერ კიდევ ვერ გავიდნენ 1989 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. არადა, ყველა სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკამ ეს დონე დასძლია. სხვათა შორის, რუსი პოლიტიკოსები გულწრფელად აღიარებდნენ ქართველ კოლეგებთან საუბარში, ჩვენ იმაზე ვმუშაობთ, რომ თქვენ კარგად არ იცხოვროთო. თუ საქართველო განვითარდება, ეს იქნება ცუდი მაგალითი რუსეთის ფედერაციული წარმონაქმნებისთვის და მათაც გაუჩნდებათ დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილი.
რუსეთი ცდილობს, საქართველოსგან ბუა შექმნას და შეაშინოს ყველა, ვისაც დამოუკიდებლად ცხოვრება მოუნდება. ამ ყველაფერს ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ მეცნიერებაზე, პროგრესზე დაფუძნებული ეკონომიკა, რომ შევძლოთ ამ რთულ რეჟიმში, მიუხედავად კვანტის დადებისა, განვვითარდეთ და მივაღწიოთ ისეთ შედეგს, რომელსაც ჰქვია მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება და საბოლოოდ ტერიტორიული გამთლიანება.
რუსეთს ახლა საქართველოსთან ჰიბრიდული ომის აქტიური ფაზა აქვს. იმედია, რუსეთის მუქარას არანაირი საერთო არ ექნება რეალობასთან, რომ ადამიანთა და ბიზნესის ინტერესები უფრო მაღლა დადგება, ვიდრე რუსი პოლიტიკოსების სურვილები, რომ ეკონომიკურად მათთან შედარებით სუსტი ქვეყანა კიდევ უფრო დაასუსტოს,“- განუცხადა არჩვაძემ „კვირის პალიტრას“.