საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტი შემცირდა

მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში დიზელის საწვავის იმპორტი შემცირდა. ამის შესახებ განცხადებას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 494,3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 22,5 ათასი ტონით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (516,8 ათასი ტონა).

მათ შორის, 2019 წლის იანვარ-ივნისში ბენზინის საწვავის იმპორტმა 259,7 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 3,0 ათასი ტონით ანუ 10,9%-ით) შეადგინა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 234,6 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 25,5 ათასი ტონით ანუ 1,2%-ით).

"საწვავის კატეგორიების მიხედვით 2019 წლის იანვარ-ივნისში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 172,3 ათასი ტონა, ანუ 66,3%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 82,6 ათასი ტონა, ანუ 31,8%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 4,8 ათასი ტონა ანუ 1,8%.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის 6 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 151,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 130,2 ათასი ტონა (26,3%), აზერბაიჯანი - 97,0 ათასი ტონა (19,6%), ბულგარეთი - 47,0 ათასი ტონა (9,5%), თურქმენეთი - 42,6 ათასი ტონა (8,6%); საბერძნეთი - 25,1 ათასი ტონა (5,1%) და სხვ.",- ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.